ბოლნისი - მარნეული

შსს: ბოლნისსა და მარნეულში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით 4 პირი დავაკავეთ

ვლადიმირ ბორცვაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 27 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში და 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, პარტია ქართული ოცნების აქტივისტი და 1977 წელს დაბადებული, შპს მარნეულის
მუნიციპალიტეტის ავტოპარკის ხელმძღვანელი, რომლებმაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებზე იძალადეს და მათ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

27 სექტემბერს ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში ქართული ოცნების მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1986 წელს დაბადებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი, რომელმაც ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა ქართული ოცნების მხარდამჭერებს. საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1989 წელს დაბადებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომელმაც საარჩევნო კომისიის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებები 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ერთიანი ნაციონალური  მოძრაობისა და ქართული ოცნების აქტივისტები ერთმანეთს 27 სექტემბერს დაუპირისპირდნენ.  

ენმ და ქართული ოცნება თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდნენ.

ქართული ოცნების ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით კი, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ქართული ოცნების 10-მდე აქტივისტი დაშავდა, მათ შორის 2-ის მდგომარეობა მძიმეა. მისი მტკიცებით, თავდასხმის ინიციატორი ენმ-ს ადგილობრივი ლიდერი, არიფ იუსუფოვია.

მარნეულში 29 სექტემბერს, მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის ხელჩართული დაპირისპირება მიმდინარეობდა. საღამოს ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა, რა დროსაც ენმ-ს წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მოგვიანებით თავს დაესხნენ მთავარი არხის გადამღები ჯგუფის ორ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს, სცემეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც.

კომენტარები