დონალდ ტრამპი

ტრამპი: თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, მომდევნო რამდენიმე დღე იქნება გადამწყვეტი

დონალდ ტრამპი
Twitter

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო ცენტრიდან ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა. აშშ-ს პრეზიდენტსა და პირველ ლედის COVID-19 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ. დონალდ ტრამპმა ვიდეოში თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ცენტრში გადაყვანამდე თავს არც ისე კარგად გრძნობდა, მაგრამ ახლა გაცილებით უკეთესადაა. დონალდ ტრამპის თანახმად, მკურნალობისთვის მომდევნო რამდენიმე დღე იქნება მნიშვნელოვანი. აშშ-ს პრეზიდენტს სჯერა, რომ თავის პოსტს და საარჩევნო კამპანიას მალე დაუბრუნდება.

დონალდ ტრამპმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ექიმებსა და სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანებს კორონავირუსთან ბრძოლაში გაწეული შრომისთვის.

ტრამპის მკურნალი ექიმის შონ კონლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეს ჯერ ბოლომდე არ ჩაუვლია, ექიმების ჯგუფი ოპტიმისტურადაა განწყობილი. პრესკონფერენციაზე შონ კონლიმ თქვა, რომ დონალდ ტრამპს დამატებით ჟანგბადის მიწოდება არ დასჭირვებია და უკანასკნელი 24 საათის მანძილზე სიცხე არ აღენიშნებოდა. ჯერჯერობით, უცნობია როდის გაწერენ აშშ-ს პრეზიდენტს საავადმყოფოდან.

დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო ცენტრში გუშინ, 3 ოქტომბერს გადაიყვანეს

საავადმყოფოში გადაყვანამდე თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა და დღის განმავლობაში მუშაობდა. პრეზიდენტი არ გრძნობს თავს ისე ცუდად, რომ თავისი მოვალეობები ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსისთვის გადაებარებინა. იმ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდება, მოქმედი პრეზიდენტი დროებით პენსი გახდება.

პირველი ლედის, მელანია ტრამპის, გარდა COVID-19 დონალდ ტრამპის გარემოცვიდან კიდევ ცხრა ადამიანს დაუდასტურდა.

კომენტარები