საზოგადოებრივი მაუწყებელი

სტრატეგია აღმაშენებელი საზმაუს გენ. დირექტორის პოსტზე მხარს ხათუნა ლაგაზიძეს უჭერს

თეონა აქუბარდია
სტრატეგია აღმაშენებელი

ლელოსა და ევროპული საქართველოს მსგავსად, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში ხათუნა ლაგაზიძეს მხარს დაუჭერს სტრატეგია აღმაშენებელიც

ამის შესახებ ისაუბრა პარტიის სპიკერმა, თეონა აქუბარდიამ და თქვა, რომ ხალხის მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებელი და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული ტელევიზია უნდა იყოს, რომელსაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ექნება. 

"სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი მხარს ვუჭერთ ხათუნა ლაგაზიძის კანდიდატურას, რადგან მისი ხედვა გამომდინარეობს თანამედროვე უსაფრთხოების, განსაკუთრებით კი საინფორმაციო უსაფრთხოების გამოწვევებიდან და მისი დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესების უზუნველყოფისთვის.

ამასთან, ჩვენ მას ვიცნობთ როგორც დამოუკიდებელ და კვალიფიციურ სპეციალისტს და მიგვაჩნია, რომ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაჭიროება სწორედ ასეთი დამოუკიდებელი, კვალიფიციური და წარმატებული მენეჯერი". – ამბობს თეონა აქუბარდია. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის თქმით, არ სურს, წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით კითხვები და ამიტომ გადადგა. გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე სამეურვეო საბჭო 6 წლის ვადით ნიშნავს.

შესარჩევი კონკურსის მეორე ტურში გადავიდნენ ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე, თინათინ ბერძენიშვილი და ალექსანდრე ვახტანგოვი.

კომენტარები