ლარის კურსი

მხოლოდ სექტემბრის თვეში ლარი დოლართან 18 თეთრით, ხოლო ევროსთან 16 თეთრით გაუფასურდა

სექტემბრის თვეში ლარი დოლართან 18 თეთრით, ხოლო ევროსთან 16 თეთრით გაუფასურდა. ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად 150 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა. 

1 სექტემბერს 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0714 ლარი იყო, ხოლო 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეს მაჩვენებელი - 3.2537 ლარია. რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსი 1 სექტემბერს 3.6614 ლარი იყო, დღეს კი, 1 ევრო 3.8267 ლარი ღირს. 

კომერციულ ჯიხურებსა და ბანკებში უცხოური ვალუტის ღირებულება კიდევ უფრო მეტია. შესაბამისად, მომხმარებელს მისი ყიდვა უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ოფიციალური კურსია.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე დაეცა. 7 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8299 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 42 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 77 თეთრით.

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის რეზერვები რამდენჯერმე გაყიდა. 2020 წელს სებ-მა სულ 420 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე.

წინასწარი მონაცემებით, წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 12.6%-ით არის შემცირებული, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 80%-ით შემცირდება - ეს 1,8 მილიარდი დოლარია. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა მარტის შემდეგ ჩაკეტილ საზღვრებს ისევ არ ხსნის და მხოლოდ ხუთ ქვეყნის (გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის) მოქალაქეებს უშვებს კარანტინის გარეშე. ამ ხუთი ქვეყნიდან ჯამში მხოლოდ სამ ავიაკომპანიას (Lufthansa - თბილისი-მიუნხენი-თბილისი, კვირაში ორჯერ, Air France - თბილისი-პარიზი-თბილისი, კვირაში ორჯერ, Air Baltic - თბილისი-რიგა-თბილისი, კვირაში ერთხელ) აქვს რეგულარული ფრენების შესრულების უფლება. ავიაციის სააგენტოს მორიგი ნოტამის მიხედვით, რეგულარული ფრენები კიდევ ერთხელ, ამჯერად 1 ნოემბრამდე აიკრძალა.

კომენტარები