ბელარუსი

ლუკაშენკო: შესაძლოა, ძალაუფლებაში ცოტათი დიდხანს დავრჩი

ალექსანდერ ლუკაშენკომ თქვა, რომ მისი 26-წლიანი მმართველობა, შესაძლოა, ზედმეტი იყო, თუმცა ამასთან ერთად, ფართომასშტაბიანი პროტესტის მიუხედავად აღნიშნა, რომ ძალაუფლებაში დარჩენას აპირებს. 

"შესაძლოა, [ძალაუფლებაში] ცოტათი დიდხანს დავრჩი." – უთხრა ლუკაშენკომ რუსეთის სახელმწიფო მედიის ჟურნალისტებს. ამის შესახებ ინფორმაციას ერთერთი ჟურნალისტი ავრცელებს. 

"თუმცა, ახლა მხოლოდ მე შემიძლია ბელარუსების დაცვა." – ჟურნალისტმა ლუკაშენეკოს სიტყვების ციტირება მოახდინა. 

კიდევ ერთმა რუსმა ჟურნალისტმა, რომელმაც მას ინტერვიუ ჩამოართვა, აღნიშნა, რომ ლუკაშენკომ ფიცი დადო, რომ ძალაუფლებაში დარჩება. 

"მე უბრალოდ ასე არ წავალ. მე ბელარუსი საუკუნის მეოთხედის განმავლობაში ავაშენე, მე ასე უბრალოდ ხელს არ ავიღებ." – ჟურნალისტი ლუკაშენკოს ციტირებს. 

ლუკაშენკომ აღიარა მაღალჩინოსნების "გადაცდომები" "თავდაპირველ სწრაფ პროვოკაციებზე", თუმცა მან სპეცრაზმის საქციელი დაიცვა, რადგან ისინი "ქვეყანას ბლიცკრიგისგან იცავდნენ".

ალექსანდერ ლუკაშენკომ არ გამორიცხა ნაადრევი არჩევნები კონსტიტუციური ცვლილების შემდეგ, რისი გატარების პირობაც მან პროტესტის საპირისპიროდ დადო. 

ავტომატით პრზიდენტის სასახლესთან მისი გამოსვლა, როდესაც იქვე ათიათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, ლუკაშენკომ შემდეგნაირად ახსნა: "მე მხოლოდ ერთ რამეს ვგულისხმობდი: მე არ დამიტოვებია [ქვეყანა] და მზად ვარ ჩემი ქვეყანა ბოლომდე დავიცვა".

ინტერვიუ დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ჩაწერეს, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ბელარუსის სახელმწიფო მედიაში ჟურნალისტები და თანამშრომლები რუსეთის სახელმწიფო მაუწყებლობიდან RT-დან ჩაანაცვლეს. აღსანიშნავია, რომ იმ ოთხ რუს ჟურნალისტთაგან, რომლებმაც ლუკაშენკოსგან ინტერვიუ აიღეს, ერთერთი RT-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანია

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს.

კომენტარები