კიბერშეტევა ლუგარის ლაბორატორიაზე

ზალკალიანი ლუგარზე კიბერშეტევაზე: როცა გამოძიება გავა წყაროზე, ქვეყანა დასახელდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლუგარის ლაბორატორიაზე განხორციელებულ კიბერშეტევის შესახებ ამბობს, რომ, მას შემდეგ, რაც გამოძიება წყაროზე გავა, "არ მოგვერიდება სახელების დარქმევა" და დაასახელებენ ქვეყანას, საიდანაც კიბერშეტევა მოხდა.

"დღევანდელ მსოფლიოში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი გამოწვევა. სისტემურად ჩვენზე უფრო ძლიერ ქვეყნებსაც კი უჭირთ გამკლავება კიბერთავდასხმებთან. ყველა ქვეყანა, მათ შორის, ჩვენზე ძლიერი ქვეყანაც, მოწყვლადია ამ სერიოზული გამოწვევის წინაშე.  

ეფექტიანად ბრძოლის ერთადერთი საშუალება არის მჭიდრო კოორდინაცია, ინფორმაციის გაცვლა და კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ ამას ვაკეთებთ, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები მყისიერად გავიდნენ კავშირზე და ინფორმაცია არის მიწოდებული ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორისთვის. 

რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოგვერიდება სახელების დარქმევა. როდესაც გამოძიება გავა წყაროზე, თუ საიდან იყო ეს, ქვეყანაც დასახელდება და ის სტრუქტურაც, თუ საიდანაც მოხდა კიბერთავდასხმა." - ამბობს დავით ზალკალიანი იმედთან ინტერვიუში. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდანდევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე 1-ელ სექტემბერს კიბერშეტევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიბერშეტევა "ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა". 

გამოძიების მიხედვით, კიბერშეტევის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

შსს-ს ცნობით, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენტიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამ დროისთვის ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზეა ატვირთული და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.  

როგორ შეიქმნა ლუგარის ლაბორატორია, რა მისია აქვს და როგორ ებრძვის მას რუსეთი - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები