არჩევნები 2020

კაპანაძე: ოქრიაშვილთან რაიმე ბლოკში შესვლა არც შესაძლებლად მიგვაჩნია და არც სწორ ნაბიჯად

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის საარჩევნო ოლქში კახა ოქრიაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. თქვა ამის შესახებ ტაბულასთან სატელეფონო კომენტარში პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ. 

დეპუტატის თქმით, კახა ოქრიაშვილთან, რომელიც დღეს შეუერთდა ოპოზიციურ გაერთიანებას ძალა ერთობაშია, თანამშრომლობა ან მისი მხარდაჭერა გამორიცხულია. თავად ევროპულ საქართველოს ამ საარჩევნო ოლქში საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ ჰყავს. 

"ოქრიაშვილი ჩვენი გუნდის წევრი არ არის და ვერც იქნება და არანაირი ბლოკი მასთან ერთად არ მიგვაჩნია არც შესაძლებლად და არც სწორ ნაბიჯად, გამომდინარე იქიდან, თუ რა პოზიცია ჰქონდა მას პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. 

იმ კონკრეტულ ოლქში ჩვენ არ გვყავს კანდიდატი და, უბრალოდ, ნომრით ვინმეს დაყენებას არ ვაპირებთ და თუ იმ კონკრეტულ ოლქში ქართული ოცნება არ გაიმარჯვებს და სხვა რომელიმე კანდიდატი გაიმარჯვებს, ეს მხოლოდ კარგი იქნება და ამას ნამდვილად მივესალმებით. ჩვენთან არანაირი ბლოკი, არანაირი ჩვენი გუნდის წევრობა! ეს სრულიად გამორიცხულია". – თქვა სერგი კაპანაძემ. 

ქართული ოცნების გუნდიდან 10 აგვისტოს წასული კახა ოქრიაშვილის პარტია პროგრესი და თავისუფლება დღეს შეუერთდა გაერთიანებას ძალა ერთობაშია. ამ გაერთიანების მთავარი პარტიაა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

კახა ოქრიაშვილი 2016 წელს პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატად ქართულმა ოცნებამ წარადგინა. იქამდე, 2008-12 წლებში, ოქრიაშვილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა. 

ამ კონტრავერსიების ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწორედ კახა ოქრიაშვილი იყო ის, ვისაც სხვა მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად "ამბოხება" და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნა დაბრალდა. ბიზნესმენს ხმა საარჩევნო სისტემის 120/30-ზე ცვლილებისთვის მიუცია. 

კომენტარები