პატრიოტთა ალიანსი

ლომია: რუსეთის მეშვეობით შეიძლება აღვადგინოთ ურთიერთობა აფხაზებთან და ოსებთან

გიორგი ლომია
რეგინფო

პატრიოტთა ალიანსის წევრი გიორგი ლომია აცხადებს, რომ უკვე დიდი ხანია რაც პარტიის მიმართ შავი პიარი მიმდინარეობს. მისივე თქმით, პატრიოტთა ალიანსის წინააღდეგ ყველა პარტია გაერთიანდა და დისკრედიტაციის გზით არჩევნებიდან ჩამოშორება სურთ. 

მისივე თქმით, დოსიეს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი უბრალოდ "ამოპრინტერებული ფურცელია" და მას ძალა არ აქვს. ლომია ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსი უკვე წლებია, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა. 

ლომია ამტკიცებს რომ პატრიოტთა ალიანსი პრორუსული პარტია არაა. 

"რუსეთის მეშვეობით შეიძლება აღვადგინოთ ურთიერთობა აფხაზებთან და ოსებთან და ამაზე მიდის საუბარი და არა იმაზე, რომ ჩვენ შევუერთდეთ რუსეთს ან ისევ აღდგეს საბჭოთა კავშირი. ზუსტად ამაზე საუბრობს ნაცმოძრაობა და ქართული ოცნება, ეს [პატრიოტთა ალიანსი] არის პრორუსული პარტია - ეს სიცრუეა. ჩვენ ნამდვილად არ ვართ პრორუსები, ჩვენ ვართ ქართული პარტია და საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პირველ რიგში, მშვიდობა უნდა საკუთარ მიწაზე, ამიტომ ვცდილობთ მაქსიმალურად იმისთვის, რომ აქ ტანკი არ შემოვიდეს". – ამბობს ლომია ტელეკომპანია პირველის ეთერში.

რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ლომია ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსს 27 ბიზნესმენი ჰყავს და "27-ვე ისეთი ბიზნესმენია, რომ 30 პარტიას დააფინანსებს და რატომ გიკვირთ რომ ჩვენ გვაქვს რაღაც ფინანსები?"

რუსი ბიზნესმენისა და ოპოზიციონერის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიემ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კრემლის ჩარევის შესახებ გამოძიების პირველი ნაწილი ცენტრმა 24 აგვისტოს გამოაქვეყნა და მასში საუბარი იყო პატრიოტთა ალიანსისა და კრემლის თანამშრომლობაზე. ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

დოსიემ გამოძიების მეორე ნაწილი 31 აგვისტოს გაავრცელა. მასში საუბარია უშუალოდ წინასაარჩევნო სტრატეგიისა და კამპანიის დაგეგვმაზე, რომელიც რამდენიმე პიარკომპანიის გავლით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული. 
 
როგორც ირკვევა, რუსი კურატორები "პატრიოტებს" აგვისტოს ომის წლისთავზე საპროტესტო მიტინგის ჩატარებას სთხოვდნენ, თუმცა პატრიოტთა ალიანსმა წინადადებაზე უარი თქვა. ასევე, გამოძიების მეორე ნაწილის მიხედვით, სექტემბრის პირველ რიცხვებში რუსი კურატორები "პატრიოტებს" თხოვენ, დაიწყონ საქართველოს პარლამენტის პიკეტირება, რომელშიც მონაწილეობას აჭარის მოსახლეობა მიიღებს.

ევროპულმა საქართველომ პროკურატურას განცხადებით, გამოიძიოს პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების საკითხი, 25 აგვისტოს მიმართა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განცხადება განიხილეს და "შემდგომი რეაგირებისთვის" სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნეს.

პარტია ლელოს წევრები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდებენ, იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესების დასაცავად და დაიწყონ პატრიოტთა ალიანსის არაკონსტიტუციურად გამოცხადების პროცედურა.

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ "ერთი ფურცლის გამო არჩევნებიდან მოხსნის საკითხის დაყენება არასერიოზულია."

კომენტარები