ავსტრალია-ჩინეთი

ჩინეთში ავსტრალიელი ჟურნალისტი დააკავეს, პეკინი მიზეზს არ ამხელს

Getty Images

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩინეთის ერთერთი უმსხვილესი სახელმწიფო მედიის CCTV-ის საერთაშორისო განშტოების, CGTN-ში მომუშავე ცნობილი ჟურნალისტი, ავსტრალიის მოქალაქე, ჩენგ ლეი, დააკავეს. ჩინური მედიის სოციალური ქსელიდან და ვებგვერდიდან ჩენგ ლეის შესახებ ინფორმაცია გააქრეს.

ავსტრალიის მთავრობამ 14 აგვისტოს ჩენგ ლეის დაკავების შესახებ ფორმალური შეტყობინება მიიღო. 

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარის პეკინმა, თქვა, რომ ჟურნალისტი ჩინეთში ბრალდების წარდგენის გარეშე დაიჭირეს და შესაძლოა, თვეებით გაგრძელდეს მისი დაკავება.  

ვაჭრობის მინისტრმაც, საიმონ ბირმინჰემმა, თქვა, რომ ავსტრალიამ არ იცის მისი დაკავების მიზეზი. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა ჩენგის საქმეზე კომენტარი გაეკეთებინა, თუმცა, თქვა:

"ჩვენ ვაფასებთ ჩინეთი-ავსტრალიის ურთიერთობებს, თუმცა, ამავდროულად, ორმხრივი ურთიერთობის განვითარება მოითხოვს ერთობლივ ძალისხმევას ორივე მხრიდან".

როგორც CNN წერს, ჩენგი ჩინურ მედიას 2012 წელს შეუერთდა. მანამდე ის 9 წლის განმავლობაში აშშ-ს მედიაში CNBC-ში მუშაობდა. CGTN-ზე ის ერთერთი ტოპ წამყვანი იყო, მისი შოუ საერთაშორისო ბიზნესზე იყო. ჩენგი პეკინში ავსტრალიის ბიზნეს წრეში ცნობილი პირი იყო. 

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში განაცხადეს, რომ ჩინეთის მთავრობამ უნდა გაამჟღავნოს, თუ რატომ დააკავა ჩენგი

"ჩინეთმა, მსოფლიოში ჟურნალისტების პირველმა დამპატიმრებელმა, უნდა გაამჟღავნოს, მისი დაჭერა უკავშირდება თუ არა მის მედია საქმიანობას".

ავსტრალიასა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაძაბულია მას შემდეგ, რაც ავსტრალიამ კორონავირუსის გავრცელების წყაროს შესახებ საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა, ტაივანს ჯანმოში მხარდაჭერა გამოუცხადა, რამაც პეკინის აღშფოთება გამოიწვია.

გასულ თვეს ჩინეთმა ავსტრალიიდან საქონლის ხორცის იმპორტი აკრძალა და ავსტრალიურ ქერზე ტარიფები დააწესა. მაისში პეკინმა ჩინელ ტურისტებს მოუწოდა, რომ ავსტრალიაში გამგზავრებისგან თავი შეეკავებინათ. 9 ივნისს ჩინეთის განათლების სამინისტრომ ჩინელი სტუდენტებისთვის მსგავსი გაფრთხილება გამოსცა ავსტრალიაში სწავლის შესახებ.

გამწვავებული დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე ავსტრალიაში ჩინეთისადმი ნდობა 23%-ით შემცირდა.

ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონების მიღების შემდეგ 9 ივლისს ავსტრალიამ ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შეთანხმების შეწყვეტა დააანონსა. ამასთან ერთად, კანბერა ზომებს მიიღებს, იმისათვის, რომ ჰონგ-კონგიდან ადამიანები, ბიზნესები მოიზიდოს.

ივნისში ავსტრალიის პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა თქვა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ და კერძო სექტორში მოქმედი ორგანიზაციების წინააღმდეგ ხდება კიბერთავდასხმა, რომლის უკანაც სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი აქტორები დგანან.

მთავრობას არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნიდან მოდის თავდასხმა, თუმცა განცხადების მიხედვით ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის, შესაძლოა, ჩინეთიდან, რუსეთიდან ან ჩრდილოეთ კორეიდან მოდიოდეს.

კომენტარები