მერაია ქერი: 2008 წელს დეჯენერესთან შოუში უკიდურესად არაკომფორტულად ვიყავი

Getty Images

მერაია ქერი არ შეუერთდა იმ ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც ელენ დეჯენერესს ბოლო დროს განვითარებული ამბების გამო მხარი დაუჭირეს.

მომღერალმა 2008 წლის ინტერვიუ გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ დეჯენერესმა მას თავი საშინლად არაკომფორტულად აგრძნობინა.

ინტერვიუ მერაია ქერის ორსულობას შეეხებოდა. თავიდან მომღერალმა ელენ დეჯენერესს სთხოვა, რომ ეს არ განეხილათ, თუმცა ტელეწამყვანმა მას შამპანიურის დალევა მოსთხოვა, იმის დასამტკიცებლად, რომ ორსულად მართლა არ იყო.

"უკიდურესად არაკომფორტულად ვიგრძენი თავი, ამის თქმა შემიძლია. მაშინ არ ვიყავი მზად იმის სათქმელად, რომ მუცელი მომეშალა. არ მსურს რომ ვინმეს მდგომარეობა უფრო დავამძიმო, თუმცა ის მომენტი ნამდვილად არ იყო სახალისო". – თქვა მერაია ქერიმ.

მომღერალმა საჯაროდ მხოლოდ წლების შემდეგ თქვა, რომ 2008 წელს მუცელი მოეშალა.

---

რამდენიმე თვის წინ, ელენ დეჯენერესი და მისი პროდიუსერების გუნდი ათმა ყოფილმა და ერთმა მოქმედმა თანამშრომელმა "სამსახურში ტოქსიკური გარემოს შექმნაში" დაადანაშაულეს. მათ ანონიმურად დარჩენა ისურვეს.

"იყავი კეთილი“ და მსგავსი სისულელეები მხოლოდ მაშინ არის აქტუალური, როდესაც კამერა ჩართულია. ვიცი, რომ ისინი ფინანსურად ეხმარებიან ადამიანებს, მაგრამ ყველაფერი ეს შოუსთვის ხდება." - უთხრა ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა Buzzfeed News-ს ელენ დეჯენერესის შოუზე საუბრისას.

ისინი ყვებიან, რომ მათგან უმეტესობა სამსახურიდან იმისთვის გააგდეს, რომ ექიმთან მისვლის ან ახლობლების პანაშვიდზე დასწრების მიზნით უქმე დღე ითხოვეს. მათივე თქმით, ისინი გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ელენ დეჯენერესს რომ დაინახავდნენ, მას არ გამოლაპარაკებოდნენ.

შოუში რასიზმის პრობლემაზე Buzzfeed News-ს შავკანიანი ქალი ესაუბრა. მისი თქმით, ის წელიწად-ნახევარს ელენ დეჯენერესთან მუშაობდა. ქალი ამბობს, რომ საშუალო რგოლის პროდიუსერი მას მუდმივად დასცინოდა კანის ფერის გამო, ერთხელ კი სცენარისტმა უთხრა, რომ მხოლოდ თეთრკანიანების სახელებს იმახსოვრებს, რასაც ოფისში სიცილი მოჰყვა.

"როდესაც ჩემი პრობლემების შესახებ ჩემს თეთრკანიან უფროსს ვუამბე, მან თავისი შავკანიანი მეგობრის შესახებ სიტუაციისთვის შეუსაბამო ისტორიის მოყოლა დამიწყო. თავისი მეგობარი იმისთვის ახსენა, რომ ჩემთვის ეთქვა, შენი მესმისო". - ამბობს ქალი.

Buzzfeed News-თან საუბრისას ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები ამბობენ, რომ პრობლემებზე საჯაროდ საუბრისას თავიანთმა თანამშრომლებმა მათ მხარი არ დაუჭირეს და განზე გადგნენ.

ბრალდებების საპასუხოდ, 27 ივლისს ელენ დეჯენერესის შოუს მშობელმა კომპანიამ - WarnerMedia-მ შოუში გამოძიება დაიწყო.

ელენ დეჯენერესმა მის მიმართ გამოთქმული ბარლდებებისა და შოუში დაწყებული გამოძიების საპასუხოდ წერილი გამოაქვეყნა.

ცნობილი ტელეწამყვანი წერილში ბოდიშს უხდის იმათ, ვინც ელენ დეჯენერესის შოუში მუშაობის დროს თავი კარგად ვერ იგრძნო და იგი პირობას დებს, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება.

აგვისტოს დასაწყისში, ელენ დეჯენერესის შოუს სამი პროდიუსერი სამსახურიდან დაითხოვეს.

კომენტარები