ავტომობილების გაქურდვა

ბათუმში და თბილისში ავტომობილების გაქურდვის ფაქტებზე პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში ქურდობის ბრალდებითდააკავეს ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1999 წელს დაბადებული თ.ხ. შსს-ს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაკავებულმა მის მიერ მიმდინარე თვეში თბილისში ჩადენილი კიდევ რვა მანქანის გაქურდვის ფაქტი აღიარა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20-21 აგვისტოს ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილზე, მოქალაქეების კუთვნილი 6 ავტომობილის საქარე მინები დააზიანა, მანქანების სალონებში შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა იქ არსებულ სხვადასხვა პირად ნივთებს.

სამართალდამცველებმა თ.ხ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ ბათუმში, ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნაქურდალი ნივთები". - აცნობეს ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები