ლელო

ლელოში იმსჯელებენ, გავრცელდება თუ არა ლუსტრაციის კანონპროექტი სამღვდელოებაზე

ლელო საქართველოსთვის

დღეს, 26 აგვისტოს, ლელო საზოგადოებას დაჰპირდა, რომ პარლამენტში შესვლისთანავე ლუსტრაციის კანონპროექტის ინიცირებას მოახდენენ. ტაბულა დაინტერესდა, გავრცელდება თუ არა კანონი სამღვდელოებასა და იერარქიაზე. 

როგორც ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან კობერიძემ ტაბულას უთხრა, საკითხზე იმსჯელებენ. კობერიძის თქმით, "მნიშვნელოვანი საკითხია და სამსჯელოა ამ საკითხთან დაკავშირებით."

"ამ წუთას ჩვენ რაც გვაქვს ნაფიქრი, ის არის, რომ, პირველ რიგში, საჯარო პირებზე და პოლიტიკაში ჩართულ საჯარო ადამიანებზე გავრცელდეს. აგრეთვე, ვფიქრობთ, რომ სასამართლოზე, მოსამართლეებზეც გავრცელდეს ეტაპობრივად." – უთხრა კობერიძემ ტაბულას. 

როგორც კობერიძემ გამართულ ბრიფინგზე თქვა, პოლიტიკურ და საჯარო სივრცეში უნდა შეიზღუდონ ის პირები, რომლებიც თანამშრომლობდნენ და ახლაც თანამშრომლობენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და პირველ რიგში რუსეთთან.

"მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა მათ მიერ ოკუპირებულია, ვალდებულები ვართ, ეს კანონპროექტი წინა ხაზზე წამოვწიოთ და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ პარლამენტში გვექნება მხარდაჭერა. ამ პირების არ დაშვება საჯარო სამსახურში და პოლიტიკურ თანამდებობებზე შეიძლება, გავრცელდეს სასამართლო სისტემაზე და იმ მოსამართლეებზე, რომელსაც შეიძლება გარკვეული კავშირი ჰქონდეს დანაშაულებრივ ხელისუფლებებთან ან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან." – ამბობს კობერიძე. 

საქართველოს პარლამენტმა 2011 წელს დაამტკიცა თავისუფლების ქარტია, რომელიც ებრძვის კომუნისტურ-ტოტალიტარულ სიმბოლოებს, ასევე, ითვალისწინებს თანამდებობრივ შეზღუდვებს სსრკ-ს სპეციალური სამსახურების თანამშრომლებისათვის, თუმცა, მათი სიები საჯარო არ არის.

კომენტარები