ნავალნის მოწამვლა

რუსეთი ნავალნის მოწამვლას საგარეო პოლიტიკური ჩარევის დასადგენად გამოიძიებს

Uznayvse.ru

რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა გამოაცხადა, რომ უშიშროებისა და ანტიკორუფციული კომიტეტი ნავალნის მოწამვლის გარემოებებს გამოიძიებს, თუმცა არ იქნება ნავალნიზე თავდასხმის გამოძიება. რუსეთის მთავრობა შეეცდება მომხდარში საგარეო პოლიტიკური ჩარევის კვალი იპოვოს.

ვოლოდინის თქმით, კომიტეტმა უნდა გააანალიზოს მომხდარი და დაადგინოს, იყო თუ არა მცდელობა სხვა ქვეყნების მხრიდან ზიანი მიეყენებინათ რუსეთის მოქალაქის ჯანმრთელობისთვის და ამით შეექმნათ დაძაბულობა რუსეთში და მომხდარში რუსეთი დაედანაშაულებინათ.

ვოლოდინი ამბობს, რომ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადებები ამყარებს ეჭვს ნავალნის "ავადმყოფობაში" სხვა ქვეყნების ჩარევაზე.

"ევროკავშირი მკაცრად გმობს ბატონი ნავალნის მკვლელობის მცდელობას. აუცილებელია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება ბატონი ნავალნის მოწამვლაზე, დაყოვნების გარეშე. რუსი ხალხი, ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოება მოითხოვს ფაქტებს ბატონი ნავალნის მოწამვლაზე. პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ". – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მის მსგავსად, ანგელა მერკელმა რუსეთს მოუწოდა, გამოიძიოს ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე და პასუხისმგებელი პირები დასაჯოს.

"რუსეთის პოლიტიკურ ოპოზიციაში ნავალნის წამყვანი როლის გათვალისწინებით, რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ეს დანაშაული უკანასკნელ დეტალამდე და ეს სრულიად გამჭვირვალედ გააკეთონ. პასუხისმგებელი პირები უნდა გამოავლინონ და დაისაჯონ". – ნათქვამია მერკელის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰეიკო მაასის ერთობლივ განცხადებაში.

რუსეთს გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა საფრანგეთმაც.

თუმცა, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ვერ ხედავენ საჭიროებას, გამოიძიონ ალექსეი ნავალნის დაავადების გარემოებები. ასევე თქვეს, რომ გერმანული კლინიკის მიერ დასმული თავდაპირველი მოწამვლის დიაგნოზი ჯერ კიდევ არ არის დასკვნითი. პუტინის სპიკერის განცხადებით, გერმანულ კლინიკას საბოლოოდ არ დაუდგენია ნავალნის ავადმყოფობის გამომწვევი ნივთიერება. მისივე თქმით, გაურკვეველია, თუ რატომ "ჩქარობენ" გერმანელი ექიმები სიტყვა მოწამვლის გამოყენებას. პესკოვმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიზეზად მოწამვლა ნამდვილად დადგინდება, მაშინ გამოძიება დაიწყება.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité​-ში მკურნალობს. გერმანელი ექიმების თქმით, ნავალნი მოწამლულია ქოლინესტერაზის ინჰიბიტორის ჯგუფის ნივთიერებით.

"კლინიკური კვლევები ქოლინესტერაზის ინჰიბიტორის ჯგუფის ნივთიერებით ინტოქსიკაციაზე მიანიშნებს. ზუსტი ნივთიერება ჯერჯერობით დაუდგენელია. დაწყებულია ფართო ანალიზი. საწამლავის ეფექტი დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ რამოდენიმეჯერ ჩატარებულ კვლევებში დადასტურდა". – ნათქვამია საავადმყოფოს განცხადებაში.

გერმანელი ექიმები ამბობენ, რომ, შესაძლოა, ამ მომწამლავმა ნივთიერებამ ნავალნის ნერვულ სისტემაზე გავლენა მოახდინოს.

ქოლინესტერაზის ინჰიბიტორის ჯგუფის ქიმიურ ნივთიერებებს ისეთი დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ, როგორიც ალცჰაიმერია. მაგრამ, როდესაც ის ნერვულ აგენტში ან პესტიციდებში გამოიყენება ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ხდება. ქოლინესტერაზის ინჰიბიტორი ბლოკავს ენზიმას, რომელიც ნერვულ სისტემასა და კუნთებს შორის ინფორმაციის მიმოცვლას არეგულირებს, რაც სპაზმებს იწვევს.

მერკელის სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნავალნის საავადმყოფოში დაცვა დაუნიშნეს. რუსი ოპოზიციონერი კვლავ კომაშია და ინტენსიური თერაპიის პალატაში რჩება. გერმანელი ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

ნავალნი სამკურნალოდ ომსკიდან გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს. ეჭვობდნენ, რომ ის კომაში მომწამლავი ნივთიერების შემცველი ჩაის დალევის შემდეგ ჩავარდა. 21 აგვისტოს ომსკის საავადმყოფოს ექიმები ნავალნის გადაყვანაზე უარს ამბობდნენ და აცხადებდნენ, რომ მისი მდგომარეობა მეტისმეტად მძიმეა. მოგვიანებით მათ თქვეს, რომ ნავალნის მდგომარეობა დასტაბილურდა და ფრენას შეძლებს. ნავალნისთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა მისი ცოლი იულია.

ციმბირის საავადმყოფოს მთავრი ექიმის მოადგილემ თქვა, რომ ნავალნის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს და კომაში ჩავარდნა, სავარაუდოდ, სისხლში შაქრის დაბალი დონის გამო ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ გამოიწვია. ნავალნის ცოლი კი აცხადებს, რომ საგზაო პოლიციამ იპოვა ნივთიერება, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი მოწამლეს.

"ნივთიერება საშიშია გარშემო მყოფთა სიცოცხლისთვისაც. ყველამ, ვინც მის სიახლოვეშია, სპეციალური კოსტიუმი უნდა ატაროს". – ნათქვამია ომსკში ნავალნის შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსი ოპოზიციონერი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს მოხვდა. ის ციმბირიდან მოსკოვში ბრუნდებოდა.

სექტემბერში საქალაქო საბჭოს არჩევნები უნდა ჩატარდეს ნოვოსიბირკსა და ტომსკში, სადაც ნავალნი დამოუკიდებელ კანდიდატებს უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ის ამ ქალაქებში. გარდა ამისა ნავალნი აგროვებდა ინფორმაციას პარტია ერთიანი რუსეთის დეპუტატების საქმიანობის შესახებ.

ნავალნი ადრეც ამბობდა, რომ მისი მოწამვლა სცადეს. 2019 წელს ის 30 დღით დააკავეს არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების გამო. ციხეში ის შეუძლოდ გახდა. ექიმების დიაგნოზით მას დერმატიტი ჰქონდა, თუმცა ნავალნი ამბობდა, რომ ეს ალერგიული რეაქცია იყო და, მისი ექიმის თქმით, ეს, შესაძლოა, რაიმე მომწამლავ ნივთიერებას გამოეწვია.

კომენტარები