ბელარუსი

ბელარუსიდან რადიო თავისუფლების ორი ჟურნალისტი გააძევეს

Rferl

ბელარუსიდან რადიო თავისუფლების ორი ჟურნალისტი, იულია ვიშნევეცკაია და ანდრეი კისელიოვი გააძევეს.

ისინი მინსკში პოლიციამ 21 აგვისტოს დააკავა. ისინი მინსკის ერთ-ერთ ქარხანაში გაფიცვას აშუქებდნენ. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ჟურნალისტებს ბელარუსში შესვლა 5 წლით აეკრძალათ. გარდა ამისა ქვეყანაში დაიბლოკა რადიო თავისუფლებაც.

რადიო თავისუფლებაში აცხადებენ, რომ ბელარუსის მთავრობა მათ ჟურნალისტებს აკრედიტაციის მიცემაზე უარს ეუბნება. აკრედიტაციაზე უარი უთხრეს ათობით რუს, უკრაინელ და სხვა ქვეყნის წარმომადგენელ ჟურნალისტებსაც.

ინფორმაციის სამინისტროს ბრძანებით დაიბლოკა Svaboda.org და კიდევ 72 ვებგვერდი.

ბელარუსში თითქმის ორი კვირაა, გრძელდება საპროტესტო აქციები. აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

კომენტარები