ალექსეი ნავალნი

ბორელი ნავალნიზე: თუ მოწამვლა დადასტურდა, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე გამოეხმაურარუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის ინფორმაციას :

"ვწუხრვარ იმის გამო, რომ შევიტყვე ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის შესახებ. თუ ეს დადასტურდა, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

მას სწრაფად და სრულად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ".

20 აგვისტოს ნავალნი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ვვარაუდობთ, რომ საწამლავი ჩაიში იყო. მან დილის შემდეგ მხოლოდ ჩაი დალია. ექიმები ამბობენ, რომ საწამლავი ცხელი სითხიდან უფრო სწრაფად შეიწოვება. ამჟამად ალექსეი უგონოდაა". – თქვა ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშმა, მოგვიანებით კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ის შეუძლოდ თვითმფრინავში ყოფნის დროს გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ომსკში დაეშვა. ომსკის საავადმყოფოში ადასტურებენ, რომ ნავალნი მიიღეს და მისი მდგომარეობა მძიმეა.

ნავალნი ადრეც ამბობდა, რომ მისი მოწამვლა სცადეს. 2019 წელს ის 30 დღით დააკავეს არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების გამო. ციხეში ის შეუძლოდ გახდა. ექიმების დიაგნოზით მას დერმატიტი ჰქონდა, თუმცა ნავალნი ამბობდა, რომ ეს ალერგიული რეაქცია იყო და, მისი ექიმის თქმით, ეს, შესაძლოა, რაიმე მომწამლავ ნივთიერებას გამოეწვია.

კომენტარები