საქართველოს ეკონომიკა

გახარია: ეკონომიკური კრიზისის მიმართულებით ბრძოლა რამდენიმე წლის განმავლობაში მოგვიწევს

"როგორც ჩანს, ჩვენ ეკონომიკური კრიზისის მიმართულებით მუშაობა, ერთობლივი ბრძოლა მოგვიწევს რამდენიმე წლის განმავლობაში, იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკის შესანიშნავი მაჩვენებელი, რომლითაც დავიწყეთ 2020 წელი და დავასრულეთ 2019, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ" - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ "ქვეყანა საკმაოდ ეფექტურად ებრძვის პანდემიის ვირუსის გავრცელებას, თუმცა, ეკონომიკური კრიზისი მაინც ჩვენი ყოველდღიურობის სერიოზული კომპონენტი ხდება და რჩება".

"შესანიშნავი მაჩვენებელი", რომელზეც პრემიერმინისტრი ლაპარაკობს - 5.2%-ა. სწორედ ამდენით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა 2019 წელს, ხოლო 2020 წლის იანვარში ეკონომიკური ზრდა - 5.1% იყო.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა, 2010 წლიდან მოყოლებული, საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა. 2016 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2.7% შეადგინა, როცა მთავრობა 2.7%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა. 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა, ხოლო 2018 წელს - 4.7%-ით.

რაც შეეხება 2020 წელს, პირველი ექვსი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი მინუს 5.8%-ს აღწევს. წინასწარი მონაცემებით, წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 12.6%-ით არის შემცირებული. კლება განსაკუთრებით მკვეთრი იყო აპრილში, როცა მშპ 16.6%-ით შემცირდა. მაისში ეკონომიკური ზრდა მინუს 13.5% იყო.

კომენტარები