ბელარუსი - ევროკავშირი

ევროკავშირი მზადაა ბელარუსს 53 მილიონი ევროთი დაეხმაროს

ურსულა ფონ დერ ლაიენ

ევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა 53 მილიონი ევრო გამოყოს ბელარუსის დასახმარებლად.

ფინანსური დახმარების გამოყოფა სამოქალაქო საზოგადეობისთვისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის იგეგმება. 2 მილიონი ევრო დემონსტრაციებში დაზარალებულებისთვისაა გათვალისწინებული, ერთი მილიონი ევრო - დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად. თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვისაა გამოყოფილი.

19 აგვისტოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტი ჩატარდა, რომლის მთავარი თემაც ბელარუსი იყო. სამიტის წევრები არ ცნობენ ბელარუსის არჩევნების ლეგიტიმურობას. სამიტზე გადაწყდა, რომ არჩევნების გაყალბებასა და მომიტინგეებზე ძალადობაში ჩართულ პირებს ევროკავშირი მალე სანქციებს დაუწესებს.

უკვე კვირაზე მეტია, რაც ბელარუსში აქციები მიმდინარეობს. აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო.

ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს, რომელმაც, 17 აგვისტოს გაფიცულ მუშებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ სანამ არ მოკლავენ, ახალ არჩევნებს არ დანიშნავს.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს კანადა, ირლანდია და ლიტვა. ბალტიის ქვეყნები და ჩეხეთი ბელარუსს ხელახალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები