თურქეთი-ვენესუელა

თურქეთის საგარეო მინისტრი მადუროს შეხვდა, თურქეთმა ვენესუელას სამედიცინო დახმარება გადასცა

Duvar English

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ 18 აგვისტოს კარაკასს ეწვია, სადაც ნიკოლას მადუროს შეხვდა

ამავდროულად, ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე თურქეთმა ვენესუელას სამედიცინო დახმარება და სწრაფი ტესტები გადასცა.

"ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 70-ე წლისთავზე ჩვენ ვართ ვენესუელაში, რათა შევაფასოთ ჩვენი კავშირი და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებებს." – წერს ჩავუშოღლუ.

"ვერც სანქციები და ვერც ბლოკადა და ვერც რაიმე სახის სიტუაცია ხელს შეგვიშლის ჩვენი ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობების გაღრმავებისთვის." – თქვა ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრმა, იორგე არეაზამ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ. 

ჩავუშოღლუ ვიზიტის დროს ვენესუელის ვიცეპრეზიდენტს, დელსი როდრიგეზსაც შეხვდა.

თურქეთი მადუროს ერთერთი მთავარი მხარდამჭერია. გასული წლის იანვარში თურქეთმა რუსეთთან, ჩინეთთან, სირიასთან, კუბასთან ერთად აშშ ვენესუელას შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

ვენესუელაში ხუან გუაიდომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე გარდამავალი პრეზიდენტის პოსტი მას, როგორც ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, უნდა დაეკავებინა. 

50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა, ის ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

მადუროს რეჟიმის მმართველობისას შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისისა და ინფლაციის გამო ქვეყანა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათმა დიდმა ნაწილმა თავი კოლუმბიას შეაფარა.

კომენტარები