ბელარუსი

ლუკაშენკომ სამართალდამცველები "უზადო სამსახურისთვის" დააჯილდოვა

ალექსანდრ ლუკაშენკო
Reuters

სამშაბათს ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის სამართალდამცველები, რომლებმაც საპროტესტო დემონსტრაციების დარბევაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს, “უზადო სამსახურისთვის” მედლებით დააჯილდოვა. 

უკვე კვირაზე მეტია, რაც ბელარუსში აქციები მიმდინარეობს. აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. 

საპროტესტო აქციების დროს აქტიურად მიმდინარეობდა დაპირისპირება სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის. 

აქციების დასაშლელად საგანგებო დანიშნულების რაზმი აქტიურად იყენებდა ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებსა და წყლის ჭავლს. მინსკში ბარიკადების დასაშლელად მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა.

დემონსტრაციების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი. აქციებზე 7000-მდე ადამიანი დააპატიმრეს, რომელთა გათავისუფლებაც ეტაპობრივად 13 აგვისტოდან დაიწყო. გათავისუფლებულები პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ცემის ფაქტებზე ჰყვებიან.

წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საავადმყოფოებში ამ დროისთვის 158 ადამიანია მოთავსებული, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, აქტიურად იჭერენ და თავს ესხმიან ჟურნალისტებს. ბელარუსში დააკავეს დაახლოებით 50 ჟურნალისტი. მინსკში თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, მათ შორის იყვნენ BBC-ს და Associated Press-ის კორესპონდენტებიც. ჟურნალისტებს, რომლებსაც ჰქონდათ აკრედიტაცია, უმტვრევდნენ კამერებს და ართმევდნენ მეხსიერების ბარათებს ფოტო და ვიდეომასალით.

კომენტარები