არჩევნები2020

ვოლსკი: ოცნება არც პარტიოტთა ალიანსთან და არც სხვა პარტიასთან არ განიხილავს კოალიციას

"არ ვიცი რეზო არველაძე ვისთან აპირებს თანამშრომლობას, ყოველ შემთხვევაში ქართულ ოცნებას აქვს ის რესურსი, რომ გაიმარჯვოს არჩევნებში და დააკომპლექტოს მთავრობა". – ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი, თავისი თანაგუნდელის, რევაზ არველაძის ნათქვამს, რომ თუ ოცნებას ალიანსის შესაქმნელად ხმები დააკლდება, შესაძლოა, პატრიოტთა ალიანსთან ითანამშრომლონ. 

ვოლსკის თქმით, ოცნება არც პატრიოტთა ალიანსთან და არც სხვა რომელიმე პარტიასთან კოალიციის შექმნას არ განიხილავს. 

"არამგონია, პატრიოტთა ალიანსმა თავისი შეხედულებები საგარეო პოლიტიკაზე შეცვალოს, რასაც ჩვენ არათუ კატეგორიულად არ ვეთანხმებით, მგონია, რომ დამაზიანებელიცაა ქვეყნისათვის ეს პოზიცია." – ამბობს გია ვოლსკი. 

როგორც არველაძემ თქვა, ეს მისი პირადი მოსაზრებაა და არა მთლიანად პარტიის. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და ლელოს, არველაძე ამბობს, რომ მათთან თანამშრომლობას გამორიცხავს. 

"მე როგორ დამისვეს იცით საკითხი, ვთქვათ, გავიდა ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობაევროპული საქართველო და ლელო, ვისთან შეიძლება შექმნათ კოალიციაო? მე ვუთხარი პატრიოტთა ალიანსთან შეიძლება-მეთქი,  საკმარისი თუ არ აღმოჩნდა ეს ხმებიო? მაშინ მე ვუთხარი მე მიმაჩნია სწორად, ევროპულ საქართველოსთან, მაგრამ გამოვრიცხავ ნაციონალურ მოძრაობას და ლელოს-მეთქი". – თქვა არველაძემ. 

კომენტარები