გიორგი შაქარაშვილის საქმე

კობაიძე პროკურატურაზე: ველოდით რომ ბრალს წარუდგენდნენ, იმიტომ რომ საზოგადოების გული მოეგოთ

რუსთავი2

"ჩვენ ეს მოლოდინი გვქონდა, რომ მათ ბრალს წარუდგენდნენ, თუნდაც იმიტომ რომ საზოგადოების გული მოეგოთ". – ასე ეხმაურება გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე პროკურატურის მიერ ბრალის დამძიმებას. 

კობაიძე ამბობს, რომ პროკურატურას ახალი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მისივე თქმით. შაქარაშვილის საქმე რომ დაიწყო, "საზოგადოებამ, ფაქტობრივად, ეს ადამიანი, [არჩილ გაგნიძე] არათუ მარტო ბრალდებულებად, არამედ მსჯავრდებულებად გამოაცხადა".

"საქმის 23 ტომიდან არცერთი ვიდეოფირი, არცერთი მოწმის ჩვენება და სხვადასხვა მტკიცებულებები არ წარმოუდგენია პროკურატურას. აქ უმნიშვნელოვანესი საკითხია ექსპერტიზის პასუხები, რაც ჯერ არ არის. მაგრამ გამოძიება არ დაელოდა ამ ექსპერტიზის პასუხებს და გადაწყვიტა რომ აი, ასე ბრალი წარედგინა. ამიტომ, კი ბატონო, უნდათ ასეთი ომი, ჩვენ მივიღებთ გამოწვევას". – ამბობს კობაიძე. 

საქმის თვენახევრიანი მოკვლევის შემდეგ დღეს, 11 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ხუთ დაკავებულს წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქამდეც იძიებდნენ, ამ დრომდე ამ მუხლის საფუძველზე 17-დან არცერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ ჰქონია.

პროკურატურის ცნობით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი ამ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდეს, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.

 

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებული 17 ადამიანიდან 6 არასრულწლოვანია.

კომენტარები