ესპანეთი

მადრიდში ესპანური მონარქიის გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

AP

კვირას, მადრიდში, ესპანური მონარქიის გაუქმების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაცია დაკავშირებულია ესპანეთის ყოფილ მეფესთან, ხუან კარლოსთან, რომელიც კორუფციულ სკანდალშია გარეული და ცოტა ხნის წინ ესპანეთი დატოვა.

საპროტესტო აქციები გაიმართა ვალენსიაშიც. აქციის გამართვა იგეგმება მალიორკაზეც, სადაც ამ კვირაში მეფე ფილიპე VI-ის ვიზიტია დაგეგმილი.

ყოფილი მეფის ხუან კარლოსის გადაწყვეტილება, დაეტოვებინა ქვეყანა, მოსახლეობაში არაპოპულარობით სარგებლობს.

SigmaDos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 63.3% თვლის, რომ ხუან კარლოსის მიერ ქვეყნის დატოვება არასწორი იყო, 27.2% კი მიესალმება ყოფილი მეფის გადაწყვეტილებას. 80.3% თვლის, რომ ხუან კარლოსი სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს, 12.4%-ის აზრით, კი ყოფილ მეფეს არაფერზე აქვს პასუხი გასაცემი.

2020 წლის ივნისში ესპანეთის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება 65 მილიონი ევროს თაობაზე, რომელიც ხუან კარლოსმა მეგობრის, კრისტინა ვიტგენშტეინის ანგარიშზე გადარიცხა. 

ესპანეთის პროკურატურა მიიჩნევს, რომ ხუან კარლოსს, შესაძლოა, დაესაკუთრებინა 100 მილიონი დოლარი, რომელიც საუდის არაბეთში რკინიგზის მშენებლობისთვის იყო გამოყოფილი. აღნიშნული 100 მილიონი დოლარი კი მოგვიანებით, შვეიცარიის ბანკში პანამური ფონდის ანგარიშზე აღმოჩნდა, რომელიც სწორედ ხუან კარლოსის სახელს უკავშირდება.

სკანდალის ფონზე, მამის მემკვიდრეობაზე უარი თქვა ფილიპემ. ესპანეთის სამეფო სახლი უარყოფს ხუან კარლოსის კავშირს რაიმე სახის კორუფციულ გარიგებასთან.

ხუან კარლოსი ბურბონების დინასტიის წარმომადგენელია, იგი მეფე გახდა ესპანეთის დიქტატორის, ფრანცისკო ფრანკოს სიკვდილის შემდეგ, 1975 წელს . ხუან კარლოსის მეფობა 39 წელს გაგრძელდა და 2014 წელს დასრულდა, 6 წლის წინ მან მეფობაზე უარი თქვა შვილის სასარგებლოდ.

კომენტარები