2008 წლის აგვისტოს ომი

კრიტიკის შემდეგ მედვედევის Facebook-გვერდი ქართველი მომხმარებლებისთვის აღარ ჩანს

facebook.com/Dmitry.Medvedev

რუსეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა საკუთარი ფეისბუკ გვერდი საქართველოდან შესული მომხმარებლებისთვის მას შემდეგ დაბლოკა, რაც ომის მეთორმეტე წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტს საქართველოს მოქალაქეების კრიტიკა მოჰყვა. 

2008 წლის აგვისტოში, რუსული სამხედრო აგრესიის დროს, დიმიტრი მედმედევი რუსეთის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ომის წლისთავთან დაკავშირებით, პოსტი მედვედევმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დღის პირველ ნახევარში გამოაქვეყნა, რასაც მალე ქსელის ქართველი მომხმარებლების აქტიურობა მოჰყვა, რის შედეგედაც მედვედევის გვერდის ადმინისტრაციამ გვერდი საქართველოსთვის მთლიანად დაბლოკა. 

საყურადღებოა ისიც, რომ ქართველი მომხმარებლებისთვის გვერდის დაბლოკვამდე გვერდის ადმინისტრაციამ კრიტიკული კომენტარები წაშალა და მხოლოდ ის კომენტარები დატოვა, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტულ ხაზს იზიარებს. დიდი ალბათობით, მედვედევის ოფიციალურ გვერდს და პოსტსაც ჩვეულ რეჟიმში ხედავენ სხვა ქვეყნის IP მისამართებიდან შესული მომხმარებლები. 

"დღეს 12 წელი სრულდება იმ მომენტიდან, როცა ჩვენმა ქვეყანამ უპასუხა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის დანაშაულებრივ ქცევას. უპასუხა ნაძირლების ქმედებებს, რომლებმაც ბრძანება გასცეს ცეცხლის გახსნაზე მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებზე, დაუცველ მოხუცებსა და ბავშვებზე, რუს სამშვიდობოებზე, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, მათ შორის, ქართული სოფლების მცხოვრებთათვის". – წერდა მედვედევი თავის პოსტში. 

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები