TikTok

ახალი ბრძანების თანახმად აშშ-ში კომპანიებს Tiktok-თან და WeChat-თან კავშირის გაწყვეტა მოუწევთ

GETTY IMAGES

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ ბრძანებულებას, რომელთა თანახმადაც, ამერიკულ კომპანიებს 45 დღეში მოუწევთ ყოველგვარი ბიზნეს კავშირი გაწყვიტონ TikTok-სა და WeChat-თან.

ვიდეო პლატფორმა TikTok-ს ჩინური კომპანია ByteDance-ი ფლობს, ხოლო Facebook-ის მსგავსი პლატფორმა WeChat-ის კონგლომერატ Tencent-ს ეკუთვნის.

ტრამპის განცხადებით, გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. პრეზიდენტმა ორივე აპლიკაცია “საფრთხედ” მოიხსენია. 

ბრძანებულებაში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ში ჩინური კომპანიების მიერ შექმნილი მობილური აპლიკაციების გავრცელება საფრთხის შექმნას განაგრძობს ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და აშშ-ს ეკონომიკისთვის ; Tiktok-ის მიერ ინფორმაციის მოგროვებამ, შესაძლოა, შესაძლებელი გახადოს აშშ-ს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა თვალთვალი, შანტაჟისთვის პირადი ინფორმაციის მოგროვება ან კორპორატიული ჯაშუშობა და არსებობს იმის საფუძვლიანი ეჭვიც, რომ Tiktok-ი ცენზურას ადებს ვიდეოებს, რომელსაც პოლიტიკურად შეუსაბამოდ მიიჩნევს, მაგალითად უიღურებთან და ჰონგ-კონგის დემონსტრაციებთან დაკავშირებულ კონტენტს.

კომპანიებს ByteDance-სა და Tenecent-ს აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

საუბარი ჩინური სოცმედია აპლიკაციების აკრძალვაზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკანასკნელ პერიოდში. ივლისის დასაწყისში Fox News-თან ინტერვიუში საუბრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ აშშ განიხილავდა ჩინური სოციალური მედიააპლიკაციების, მათ შორის TikTok-ის აკრძალვის შესაძლებლობას.

ივნისში ინდოეთმა TikTok-ი, WeChat-ი და კიდევ 57 ჩინური აპლიკაცია აკრძალა. ინდოეთის ინფორმაციით, ტექნოლოგიის სამინისტრომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მათზე სხვადასხვა წყაროდან არაერთი საჩივარი მიიღო, რომ აპლიკაციებით იპარავდნენ და ფარულად, უნებართვოდ გზავნიდნენ მომხმარებელთა ინფორმაციას.

კომენტარები