თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ, ბაჩალიაშვილის დედა შიმშილობას წყვეტს

ფორმულა / Screengrab

გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედა შიმშილობის გაგრძელებას აღარ აპირებს. მიზეზად კი, შოთაძესთან შეხვედრას და მის დანაპირებს ასახელებს, რომ გამოძიებაში ფედერალური ბიურო (FBI) ჩაერთვება.

"ჯერჯერობით არ ვაპირებ, რადგან ირაკლი შოთაძე შემხვდა და რადგან შემპირდა, რომ FBI-ის ჩართულობა იქნება და ობიექტურად იქნება გამოძიებული და ვინც არ უნდა იყოს, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელსო და ყველას გამოვააშკარავებთო, ამიტომ შევიკავებ თავს". – ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.

დღეს, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და შიმშილობა დაიწყო.

გუშინ, 5 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილმა გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე Facebook-ის "დახმარების განყოფილებაში" მოძებნა ინფორმაცია, თუ რა მოსდის Facebook-ის გვერდს, თუ მფლობელი გარდაიცვლება. მათივე ცნობით, ამის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილმა Google-ის საძიებო სისტემაში მოიძია ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გაუქმდეს ფეისბუკის ანგარიში სიკვდილის შემდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ამტკიცებს, რომ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში თვითმკვლელობის გზებს ეძებდა.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში FBI-ს ჩართვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მათ გუშინ, 4 აგვისტოს, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს.

აქციის დასრულების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები