აღმასრულებელი პროდიუსერი: ელენ დეჯენერესის შოუს დახურვას არავინ აპირებს

ელენ დეჯენერესის შოუ

ელენ დეჯენერესის შოუს აღმასრულებელი პროდიუსერი, ენდი ლასნერი, შოუს დახურვის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ისინი სიმართლეს არ შეესაბამება.

"არავინ აპირებს დახურვას" - დაწერა ენდი ლასნერმა, რომელიც 2003 წლიდან შოუს ერთ-ერთი პროდიუსერია.

რამდენიმე დღეა უცხოური გამოცემები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ელენ დეჯენერესმა შოუს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. აქამდე ამ ინფორმაციას შოუს თანამშრომლებიდან არავინ გამოხმაურებია.

---

ელენ დეჯენერესი და მისი პროდიუსერების გუნდი ათმა ყოფილმა და ერთმა მოქმედმა თანამშრომელმა "სამსახურში ტოქსიკური გარემოს შექმნაში" დაადანაშაულეს. მათ ანონიმურად დარჩენა ისურვეს.

"იყავი კეთილი“ და მსგავსი სისულელეები მხოლოდ მაშინ არის აქტუალური, როდესაც კამერა ჩართულია. ვიცი, რომ ისინი ფინანსურად ეხმარებიან ადამიანებს, მაგრამ ყველაფერი ეს შოუსთვის ხდება." - უთხრა ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა Buzzfeed News-ს ელენ დეჯენერესის შოუზე საუბრისას.

ისინი ყვებიან, რომ მათგან უმეტესობა სამსახურიდან იმისთვის გააგდეს, რომ ექიმთან მისვლის ან ახლობლების პანაშვიდზე დასწრების მიზნით უქმე დღე ითხოვეს. მათივე თქმით, ისინი გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ელენ დეჯენერესს რომ დაინახავდნენ, მას არ გამოლაპარაკებოდნენ.

შოუში რასიზმის პრობლემაზე Buzzfeed News-ს შავკანიანი ქალი ესაუბრა. მისი თქმით, ის წელიწად-ნახევარს ელენ დეჯენერესთან მუშაობდა. ქალი ამბობს, რომ საშუალო რგოლის პროდიუსერი მას მუდმივად დასცინოდა კანის ფერის გამო, ერთხელ კი სცენარისტმა უთხრა, რომ მხოლოდ თეთრკანიანების სახელებს იმახსოვრებს, რასაც ოფისში სიცილი მოჰყვა.

"როდესაც ჩემი პრობლემების შესახებ ჩემს თეთრკანიან უფროსს ვუამბე, მან თავისი შავკანიანი მეგობრის შესახებ სიტუაციისთვის შეუსაბამო ისტორიის მოყოლა დამიწყო. თავისი მეგობარი იმისთვის ახსენა, რომ ჩემთვის ეთქვა, შენი მესმისო". - ამბობს ქალი.

Buzzfeed News-თან საუბრისას ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები ამბობენ, რომ პრობლემებზე საჯაროდ საუბრისას თავიანთმა თანამშრომლებმა მათ მხარი არ დაუჭირეს და განზე გადგნენ.

ბრალდებების საპასუხოდ, 27 ივლისს ელენ დეჯენერესის შოუს მშობელმა კომპანიამ - WarnerMedia-მ შოუში გამოძიება დაიწყო.

ელენ დეჯენერესმა მის მიმართ გამოთქმული ბარლდებებისა და შოუში დაწყებული გამოძიების საპასუხოდ წერილი გამოაქვეყნა.

ცნობილი ტელეწამყვანი წერილში ბოდიშს უხდის იმათ, ვინც ელენ დეჯენერესის შოუში მუშაობის დროს თავი კარგად ვერ იგრძნო და იგი პირობას დებს, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება.

კომენტარები