პოლიტიკა

ხავსმოდებული ლუკაშენკოს პოლიტიკური წარსული და მომავალი - რა ხდება ბელარუსში

“დემოკრატია - ეს არის ხალხის მიერ, ხალხისთვის არჩეული სახალხო მმართველობა”, - აბრაამ ლინკოლნის სწორედ ეს ცნობილი ფრაზა წარმოთქვა ალექსანდრ ლუკაშენკომ თავისი პირველი ინაუგურაციის დროს. 1994 წლის შემდეგ ლუკაშენკომ საპრეზიდენტო ფიცი კიდევ ხუთჯერ დადო. ამ წლების განმავლობაში ქვეყნიდან გაუჩინარდა რამდენიმე მსხვილი ოპოზიციონერი, პრეზიდენტის პოსტზე კენჭი იყარა 21-მა კანდიდატმა, 7 მათგანი ციხეში აღმოჩნდა. ლუკაშენკოს ოპონენტებს ჯამურად 26-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

აქამდე, როგორც წესი, რეპრესიული მანქანა ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეებს არჩევნების დასრულების შემდეგ უსწორდებოდა, თუმცა ამჯერად ვითარება განსხვავებულია - საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს უნდა ჩატარდეს, ლუკაშენკოს ძირითადი ოპონენტები კი უკვე ციხეში არიან.

“მე მახსოვს, რა ხდებოდა 1994 წელს მეორე ტურის დროს - ლოგინად ჩავარდნილები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ დგებოდნენ საწოლიდან, ისინი არ ენდობოდნენ საკუთარ შვილებს, ეს ხალხი დგებოდა, ისინი უბნებზე მიჰყავდათ ეტლებით, ისინი ხმას მე მაძლევდნენ, მაშინ იყო ასეთი ხალხის ზღვა. ვითარება მაშინ ძალიან მძიმე იყო, ძალიან მძიმე” - ასე იხსენებდა 2010 წელს ალექსანდრ ლუკაშენკო თავის პირველ არჩევნებს.

ალექსანდრ ლუკაშენკო პირველი საპრეზიდენტო ფიცის წარმოთქმის დროს, 1994 წელი ბელარუსის უმაღლესი საბჭო

1994 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვერცერთი მონაწილე ვერ იფიქრებდა, რომ ერთი ჩვეულებრივი კოლმეურნეობის თავმჯდომარე პერსონალურად აიღებდა ხელში მთელ ძალაუფლებას და „ევროპის უკანასკნელი დიქტატორის“ მეტსახელით მომდევნო 26 წლის განმავლობაში უცვლელად იდგებოდა ქვეყანას სათავეში.

თუმცა, თუ თვალს გადავავლებთ საშა ლუკაშენკოს [ამ წლებში მომავალ პრეზიდენტს სწორედ ამგვარად მოიხსენიებდნენ] პოლიტიკური კარიერის საწყისებს, შესაძლებელია, ბევრი რამ უფრო ნათლად დავინახოთ.

როგორ იწრთობოდა ფოლადი

ბელარუსის პრეზიდენტის ბავშვობაზე ბევრი არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის ვიცით, რომ ლუკაშენკო დედასთან ერთად მოგილიოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელში იზრდებოდა და ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. ლუკაშენკო პერიოდულად იხსენებს, რომ ბავშვობაში ბევრი რამ აკლდა და ფიზიკურად მუშაობა უწევდა.

ლუკაშენკოს დედა, ეკატერინა ტროფიმოვა 20 წლის განმავლობაში ადგილობრივ კოლმეურნეობაში მუშაობდა მწველავად. რაც შეეხება ლუკაშენკოს მამას, მის შესახებ საერთოდ არაფერია ცნობილი. მართალია, ერთხელ ლუკაშენკომ თქვა, რომ მამა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა, მაგრამ ეს ვერსია ნაკლებად სარწმუნოა, რადგან ლუკაშენკო 1954 წელს დაიბადა.

ცნობილია, რომ ლუკაშენკომ სკოლა ფრიადებზე დაამთავრა და მოგვიანებით ბელარუსის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩააბარა. ლუკაშენკოს იმდროინდელი ნაცნობები აღნიშნავენ მის მიზანდასახულობას, ამბიციურობას და საჯარო გამოსვლების სიყვარულს. მომავალმა პრეზიდენტმა მუსიკალური განათლებაც მიიღო აკორდეონის კლასში. ამბობენ, რომ ლუკაშენკო ხშირად უკრავდა, მღეროდა და უყვარდა პოეზია.

ინსტიტუტში ლუკაშენკო საზოგადოებრივი საქმიანობაში იღებდა მონაწილეობას და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ ერთ-ერთი ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციის მდივანიც გახდა. ლუკაშენკოს პოლიტიკური ბიოგრაფიის ავტორი, ალექსანდრ ფედუტა თავის წიგნში აღნიშნავს: "ახალგაზრდობის წლებში ლუკაშენკო თავისი თანატოლებისგან არაფრით გამოირჩეოდა“. ფედუტას ცნობით, ლუკაშენკოს არ ეტყობოდა რაიმე სპეციფიკური შესაძლებლობები, თუმცა იგი გამოირჩეოდა ენერგიულობით, ასეთი ახალგაზრდები კი, როგორც წესი, კომკავშირულ კარიერას იკეთებდნენ.

1987 წელს ერთ-ერთი პარტიული ყრილობის დროს, ლუკაშენკომ კოლმეურნეობაში მუშაობის სურვილი გამოთქვა და, მართლაც, ცოტა ხანში იგი კოლმეურნეობა "გოროდეცის" თავმჯდომარედ დაინიშნა. კოლმეურნეობა ლუკაშენკოს პოლიტიკური ტრამპლინი გახდა, „გოროდეცში“ მუშაობის პერიოდში მომავალმა პრეზიდენტმა თავისი შექმნილი ინოვაციური მეთოდოლოგიის შესახებ წიგნიც კი დაწერა.

სწორედ „გოროდეცში“ მუშაობის პერიოდს უკავშირდება ლუკაშენკოს პირველი დიდი სკანდალიც. 1989 წელს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. საქმეში დაზარალებულად გადიოდა ადგილობრივი ტრაქტორისტი, რომლის ცემასაც სწორედ ლუკაშენკოს ედავებოდნენ. გაზეთ "სელსკაია ჟიზნის" კორესპონდენტი, ანატოლი გულიაევი, რომელიც საქმეს აშუქებდა, მოგვიანებით ლუკაშენკოს პოლიტიკური ბიოგრაფიის ავტორს უყვებოდა, რომ მასთან საუბარში კოლმეურნეობაში მომუშავე კიდევ რვა ადამიანმა აღიარა, რომ ლუკაშენკო მათ პერიოდულად ფიზიკურად უსწორდებოდა.

იმის მიუხედავად, რომ საქმე ფართოდ გაშუქდა, 1990 წელს ლუკაშენკო უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა და სადეპუტატო ხელშეუხებლობის პირობებში ლუკაშენკოსთვის ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ.

საშა ლუკაშენკო დიქტატურის წინააღმდეგ

1991 წელი, ალექსანდრ ლუკაშენკო უმაღლესი საბჭოს დარბაზში
ფოტო: Владимир Сапогов

1993 წელს ლუკაშენკო სათავეში ჩაუდგა უმაღლესი საბჭოს ანტიკორუფციულ კომიტეტს. ამ უწყების საქმიანობას არანაირი პრაქტიკული სარგებელი არ მოჰქონდა, მაგრამ ლუკაშენკო პერიოდულად ტრიბუნიდან ანადგურებდა ჩინოვნიკებსა და მინისტრებს. მომავალი პრეზიდენტის გამოსვლები მოსახლეობაში მალევე გახდა პოპულარული - ლუკაშენკო სხვებისგან ორატორული ნიჭით გამოირჩეოდა.

თავის წიგნში ფედუტა იხსენებს, რომ რაღაც ეტაპზე დღის წესრიგში დადგა კომკავშირის აკრძალვის საკითხი. უმაღლეს საბჭოში გასაპროტესტებლად მისულ კომკავშირელებს ლუკაშენკო დახვდა. მომავალმა პრეზიდენტმა ახალგზარდებს უთხრა, რომ მათ უსამართლოდ აწყენინეს და კომკავშირელებს შესთავაზა, გაწევრიანებულიყვნენ ახალგაზრდულ პოლიტიკურ ჯგუფში "კომუნისტები დემოკრატიისთვის". შეხვედრის შემდეგ ლუკაშენკო ოვაციებით გააცილეს. ის, როგორც ყოველთვის, იმას ამბობდა, რის მოსმენაც ყველას უნდოდა.

იმის მიუხედავად, რომ ბელარუსში ჯერ კიდევ არ არსებობდა პრეზიდენტის პოსტი, საპარლამენტო საქმიანობის წლებში ლუკაშენკომ ერთგვარად თავისი ელექტორატი ჩამოაყალიბა. 1991 წლის მაისში ბელარუსის სახალხო გაზეთში გამოქვეყნდა ლუკაშენკოს სტატია სათაურით "დიქტატურა - "ბელარუსული ვარიანტი?" სტატიაში ლუკაშენკო სამთავრობო პროგრამას „დიქტატორულს“ უწოდებდა. ამ პერიოდში ლუკაშენკოს გამოსვლებში ისმოდა მოწოდებები სამართლიანობის, მთავრობის გამოაშკარავებისა და კორუფციონერების დასჯის შესახებ.

1994 წელი ბელარუსისთვის ბოლო ათწლეულების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. შიმშილის პირას მყოფი გადაღლილი მოსახლეობა მოელოდა ადამიანს, რომელიც მას დაიცავდა, წესრიგს დაამყარებდა და დამნაშავეებს დასჯიდა. სწორედ ასეთ ადამიანად მოჩანდა ახალგაზრდა, მამაცი, უბრალო და პროვინციიდან ჩამოსული საშა ლუკაშენკო.

ლუკაშენკოს თანამოაზრეები მასში ხედავდნენ ადამიანს, რომელსაც ძველი სისტემის დანგრევა და ქვეყნის გაძღოლა შეეძლო, მალევე მისი თანამოაზრეების მნიშვნელოვანი ქვეყნიდან გაუჩინარდებიან. ამავე წლის 20 ივლისს 39 წლის ალექსანდრ ლუკაშენკომ თავისი პირველი საპრეზიდენტო ფიცი დადო და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ლიდერიც გახდა.

ინაუგურაციის დღეს ლუკაშენკომ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობისა და მაქსიმალური ღიაობის პირობა დადო, თუმცა მისი რეალური მიზნები მალევე გამოაშკარავდა.

რეფერენდუმი - გადატრიალება

1995 წლის 14 მაისს ლუკაშენკოს ინიციატივით გაიმართა რეფერენდუმი. საყოველთაო განხილვაზე გამოვიდა ოთხი საკითხი: სახელმწიფო გერბისა და დროშის შეცვლა, რუსული და ბელარუსული ენებისთვის თანაბარი სტატუსის მინიჭება, რუსეთთან ეკონომიკური ინტეგრაცია და, რაც მთავარია, პრეზიდენტისთვის პარლამენტის დაშლის უფლების მინიჭება.

სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ინციდენტი, რომლის შემდეგაც მოსახლეობისა და ლუკაშენკოს თანამოაზრეების ნაწილს მასზე წარმოდგენა შეეცვალა. 19 აპრილს 11-მა ოპოზიციონერმა რეფერენდუმის გასაპროტესტებლად უმაღლესი საბჭოს ოვალურ დარბაზში შიმშილობა გამოაცხადა. ოპოზიციონერები რეფერენდუმის გაუქმებას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ დარბაზიდან მათი მოთხოვნის შესრულებამდე არ გავიდოდნენ. საბოლოოდ, იმავე საღამოს, უმაღლეს საბჭოში სპეცრაზმი შევიდა, რომელმაც დეპუტატები შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა.

ოპოზიციონერი დეპუტატებმა შიმშილობა გამოაცხადეს, 1994 წელის ბელარუსის უმაღლესი საბჭოს შენობა

რეფერენდუმზე ლუკაშენკომ ყველა გამოტანილ საკითხზე 75%-იანი მხარდაჭერა მიიღო, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს რეფერდუმი მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპი იყო კიდევ უფრო მნიშვნლოვანი რეფერენდუმისთვის.

1996 წელს ბელარუსში კიდევ ერთი რეფერენდუმი გაიმართა, რომელსაც უფრო ხშირად „საკონსტიტუციო გადატრიალებას“ უწოდებენ. ლუკაშენკოს მიერ ინიცირებული ცვლილებებით იგი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, "სამეფო უფლებამოსილებებს" იძენდა. ამ ცვლილებით ლუკაშენკოს შეეძლო პარლამენტის დაშლა, მთავრობის დანიშვნა პარლამენტის თანხმობის გარეშე, პრეზიდენტის განკარგულებები და ბრძანებულებები კი უმაღლეს იურიდიულ ძალას იძენდა.

ინიციატივას მხარი მოსახლეობის 83%-მა დაუჭირა. რეფერენდუმის წინააღმდეგ გამოდიოდა უმაღლესი საბჭო და საკონსტიტუციო სასამართლო. მოგვიანებით სასამართლო ცვლილებების სარეკომენდაციო სახით მიღებას დათანხმდა, თუმცა ცვლილებები ძირითადად კანონში დაუყოვნებლივ შევიდა, რის შემდეგაც ლუკაშენკომ პარლამენტი რამდენიმე თვეში დაშალა.

ალექსანდრ ლუკაშენკო საყოველთაო რეფერნდუმზე, 1996 წლის 24 ნოემბერი
ფოტო: Reuters

ცვლილების არაკონონიერად მიღების შემდეგ ლუკაშენკომ გადააყენა ცენტრალური საარჩევნო კომიის თავმჯდომარე, რის უფლებაც კონსტიტუციით მას არ ჰქონდა. სწორედ ამ პერიოდში უჩინარდებიან ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ოპოზიციონერები.

გაუჩინარებული ოპოზიციონერები

საპროტესტო აქცია მინსკში, გაუჩინარებული ოპოზიციონერების საქმის გამოეძიების მოთხოვნით, 2001 წელი მინსკი
ფოტო: EPA

ახალგაზრდა დეპუტატს ბელარუსის პროვინციიდან და შემდეგ პრეზიდენტ ლუკაშენკოს გარკვეული დროის განმავლობაში მეურვეობდა ვიქტორ გონჩარი. იურისტი და ლუკაშენკოს კოლეგა პარლამენტში, გონჩარი ლუკაშენკოს პირველ საპრეზიდენტო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა.

მოგვიანებით გონჩარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახდა. გონჩარმა უკანონოდ ცნო 1996 წლის რეფერენდუმი, რომლის შედეგებითაც ლუკაშენკომ საპრეზიდენტო უფლებამოსილება გაიფართოვა. რეფერენდუმის შემდეგ გონჩარი თავისი კაბინეტიდან უბრალოდ გააგდეს, რის შემდეგაც იგი ოპოზიციაში წავიდა და ლუკაშენკოს ყველაზე სერიოზული კონკურენტი გახდა.

1999 წლის 16 სექტემბერს ვიქტორ გონჩარი, ბიზნესმენ ანატოლი კრასოვსკისთან ერთად მინსკის ერთ-ერთი ქუჩიდან უგზოუკვლოდ გაუჩინარდა. გონჩარიც და კრასოვკიც დღემდე დაკარგულებად არიან მიჩნეულნი, საქმის გამოძიება 2003 წელს შეწყდა.

იმავე წლის 7 მაისს, იგივე ბედია ეწია ლუკაშენკოს გუნდის ყოფილ წევრს, ოპოზიციის მხარეს გადასულ შსს მინისტრს, გენერალ იური ზახარენკოს. 2000 წელს ლუკაშენკოს გაუჩინარებული მოწინააღმდეგეების სიაში აღმოჩნდა მისი ყოფილი პირადი ოპერატორი, დმიტრი ზავადსკი. ზავადსკი ლუკაშენკოსთან მუშაობის შემდეგ ოპოზიციონერი ჟურნალისტის პაველ შერემეტის გუნდში აღმოჩნდა. მისი გაუჩინარებისა და მკვლელობის დეტალები დღემდე უცნობია.

განულება პუტინამდე 

ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო 2019 წლის 17 ივლისი
ფოტო: AFP

2004 წლის პირველი სექტემბერი ისტორიაში ბესლანის ტრაგედიით შევიდა. ბესლანის სკოლაში მძევლების გათავისუფლების შემდეგ რუსეთში რამდენიმედღიანი გლოვა გამოცხადდა, ხოლო მთელ მსოფლიოში სკოლებში გაკვეთილები წუთიერი დუმილით დაიწყო. ამიტომაც 7 სექტემბერს მინსკის მთავარ მოედანზე მიმავალი მოქალაქეები ფიქრობდნენ, რომ მათ სამგლოვიარო მიტინგზე იხმობდნენ, თუმცა გიგანტური ეკრანიდან პრეზიდენტმა მოქალაქეებს სულ სხვა საკითხთან დაკავშირებით მიმართა.

ოქტომბრის მოედანზე შეკრებილმა მოსახლეობამ ეკრანზე ლუკაშენკოს დაღლილი და ფერმკრთალი სახე დაინახა, დაღლილობას გრიმიც ვერ მალავდა. ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში ბელარუსში კიდევ ერთი რეფერენდუმი გაიმართებოდა. საქმე ისაა, რომ ბელარუსის კონსტიტუცია ერთი ადამიანის მაქსიმუმ ორი საპრეზიდენტო ვადით არჩევას უშვებდა. ამგვარად, 1994 და 2001 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ლუკაშენკოს კენჭისყრის უფლება აღარ ჰქონდა.

მიტინგზე ლუკაშენკომ თქვა, რომ მან განზრახ არ დაიწყო სხვადასხვა "სქემების გათამაშება" და მხარდაჭერისთვის მოსახლეობას პირდაპირ მიმართა. საბოლოოდ რეფერენდუმზე გავიდა ერთადერთი კითხვა: "აძლევთ თუ არა უფლებას ბელარუსის პირველ პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, კენჭი იყაროს პრეზიდენტად."

ბელარუსის მაშინდელი საარჩევნო კოდექსით რეფერენდუმზე პრეზიდენტის არჩევისა და გათავისუფლების საკითხის გამოტანა იკრძალებოდა, თუმცა 2006 წლის 17 ოქტომბერს რეფერენდუმი მაინც ჩატარდა და მოსახლეობის 87,9%-მა ნება დართო ალექსანდრ ლუკაშენკოს, შეუზღუდავად ეყარა კენჭი პრეზიდენტის პოსტზე.

ლუკაშენკოს მესამე არჩევნები ბელარუსის მოსახლეობას და მსოფლიოს საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევით დაამახსოვრდა. მინსკის მთავარ მოედანზე არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო დაახლოებით 30 ათასი მოქალაქე გამოვიდა, პროტესტის მეოთხე დღეს დემონსტრაცია ომონის გამოყენებით დაარბიეს, დააპატიმრეს 500 ადამიანი, ათეულობით მონაწილემ სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო.

ინაუგურაციის ცერემონია 31 მარტიდან 8 აპრილისთვის გადაიტანეს. ლუკაშენკო საჯაროდ ორი კვირის განმავლობაში არ გამოჩენილა.

ნაკლები ბოროტება


ფოტო: Reuters

2006 წელს განვითარებული მოვლენების ფონზე ლუკაშენკოს საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად შეილახა. არჩევნები არალეგიტიმურად ცნეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ, ევროკავშირმა და აშშ-მ. ამავე პერიოდში დასავლეთის დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა ბელარუსს წერტილოვანი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.

ამ ფონზე 2008 წელს ცნობილი გახდა, რომ ლუკაშენკომ საკუთარი იმიჯის გამოსასწორებლად დაიქირავა ცნობილი ბრიტანული კომპანია Bell Potinger, რომელსაც ლორდი ტიმოთი ბელი ხელმძღვანელობდა.

ლუკაშენკომდე Bell Potinger-ის მომსახურებით სარგებლობდნენ ბაშარ ასადის ცოლი, ასმა ასადი, აუგუსტო პინოჩეტი, ბორის ბერეზოვსკი. კომპანიის კლიენტებს შორის იყვნენ შრი-ლანკის და ბაჰრეინის მთავრობები და საუდის არაბეთის სამეფო ოჯახიც.

ბელარუსის ხელისუფლებასა და Bell Potinger-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება სტანდარტული იყო და ითვალისწინებდა დახმარებას ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზებაში, ბელარუსის საინვესტიციო იმიჯის გაუმჯობესების ხელშეწყობას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რომელთა რიცხვიც მაშინდელი ოფიციალური მონაცემებით 19 იყო.

ბრიტანელმა პიარის სპეციალისტმა ლუკაშენკო ძალიან კეთილგანწყობილ, მეგობრულ ადამიანად მოიხსენია და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს, რომელმაც ლუკაშენკოს „ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“ უწოდა, ადგილზე ჩასვლა და ვითარებაში უკეთ გარკვევა ურჩია.

საბოლოოდ ბრიტანული კომპანიის და ლუკაშენკოს თანამშრომლობა 2009 წელს დასრულდა, მაშინ გავრცელდა ხმები, რომ საკუთარი იმიჯის გაუმჯებესებაზე უშუალოდ ლუკაშენკო იზრუნებდა. ლუკაშენკოს თავისი საერთაშორისო იმიჯის გამოსწორების შანსი მოგვიანებით, მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების შემდეგ მიეცა.

ბოლო წლებში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არ აღიარებით და უკრაინის კრიზისში შუამავლის როლით ლუკაშენკომ ახალი ნიშა იპოვა და დასავლეთისთვის რეგიონული სტაბილურობის გარანტის სტატუსიც შეიძინა. ბელარუსზე მთელ მსოფლიოში პოზიტიურ ჭრილში ალაპარაკდნენ. დაიწყო სანქციების მოხსნა ლუკაშენკოსთან დაახლოებული პირებისა და კომპანიებისთვის.

2015 წელს გამოცემა Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლუკაშენკომ ირონიულად შენიშნა: "მე უკვე აღარ ვარ ევროპის უკანასკნელი დიქტატორი, არსებობენ ჩემზე ოდნავ უარესი დიქტატორებიც, ასე არ არის? მე უკვე ნაკლები ბოროტება ვარ".

ამავე წლის ოქტომბერში ლუკაშენკო მეხუთედ გახდა ბელარუსის პრეზიდენტი, წინა წლებში მან არაერთხელ თქვა, რომ უკვე ყელში ამოუვიდა პრეზიდენტობა, თუმცა წასვლას არ აპირებს.

"მე არ შემიძლია, არ დავაყენო ჩემი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე, მე გავაკეთებ ამას, რომ შემდეგ თქვენ არ დამაბრალოთ, რომ შემეშინდა, რომ მიგატოვეთ და უდროო დროს წავედი", - განაცხადა ლუკაშენკომ მოსახლეობასთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს.

როგორც ჩანს, სწორედ ამ განწყობამ უკარნახა ლუკაშენკოს, უკვე მეექვსედ მიეღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და პირველად დიდი ხნის განმავლობაში ის, შესაძლოა, არაპროგნოზირებადი შედეგებით დასრულდეს.

ლუკაშენკოს 26-წლიანი მმართველობის პერიოდში პირველად ბელარუსის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მზადაა, მხარი დაუჭიროს ნაკლებად ცნობილ კანდიდატებს, იმ იმედით, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება. ლუკაშენკო კი ჩვეულ სტილში იქცევა და საპროტესტო მოძრაობას ძალადობრივად, დაჭერებითა და რეპრესიებით პასუხობს, ეს ყველაფერი კი კორონავირუსის პანდემიისა და არნახული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს.

საშა 3%

12 ივნისს ბელარუსის ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა მინსკში ტანსაცმლის ერთ-ერთი მაღაზიისთვის განკუთვნილი 400 მაისური დააყადაღა. მაისურებზე დატანილი იყო წარწერა „საშა 3%“ და „ფსიხ 0,3%“. მეტსახელი „საშა 3%“ ლუკაშენკომ ინტერნეტგამოკითხვების შედეგად მიიღო. რამდენიმე ინტერნეტგამოცემამ მოსახლეობას მიმართა კითხვით: „ვის დაუჭერთ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე“. ამ გამოკითხვებში ლუკაშენკოს მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 3%-მა, ხოლო მისი კონკურენტების მხარდაჭერის მაჩვენებელი 20-40%-ის ფარგლებში მერყეობდა.

ეს არ ყოფილა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რადგან 2012 წელს ბელარუსის ადმინისტრაციული კოდექსით საზოგადოებრივი აზრის არაკანონიერი კვლევები დასჯადი გახდა. ლუკაშენკოს ან სხვა კანდიდატების შესახებ ოფიციალური მონაცემები უბრალოდ არ არსებობს - დამოუკიდებელ სოციოლოგიურ ინსტიტუტებს საქმიანობის უფლება ჩამოერთვათ.

რაც შეეხება „ფსიხს“, ეს მეტსახელი, რომელიც მოგვიანებით პრაქტიკულად მიმად იქცა, კორონავირუსის შესახებ ლუკაშენკოს ცნობილ გამონათქვამებს უკავშირდება. ლუკაშენკომ „კორონაფსიქოზი“ უწოდა იმ ზომებს, რომლებიც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ პანდემიის საწინააღმდეგოდ მიიღო.

ლუკაშენკოს გადაწყვეტილებით ქვეყანას პრაქტიკულად არანაირი ამკრძალავი ზომები არ მიუღია, ქვეყანას არ დაუხურავს საზღვრები, არ შეჩერებულა ავიამიმოსვლა, კაფეებისა და რესტორნების საქმიანობა, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატიც. მეტიც, 9 მაისს ბელარუსში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი ხალხმრავალი აღლუმიც ჩატარდა.

თავად პრეზიდენტი ამბობდა, რომ ვირუსს ყველაზე კარგად არაყი, აბანო და ტრაქტორის თერაპია შველის. რამდენიმე დღის წინ კი ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თვითონ კორონავირუსი უსიმპტომოდ, ფეხზე გადაიტანა. ზოგადად, კამპანიის მიმდინარეობისას ლუკაშენკო ხშირად უჩვეულო ემოციურობას ამჟღავნებს.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი აღლუმი 9 მაისი 2020 წელი

ბელარუსში ამ დროისათვის უპრეცედენტოდ მაღალი სამოქალაქო აქტიურობა ვლინდება. წინასაარჩევნო პერიოდში მოქალაქეები რიგში დგებოდნენ, რომ ალტერნატიული კანდიდატებისთვის მხარი დაეჭირათ. აქტიურობა შეიმჩნეოდა არამარტო დიდ ქალაქებში, არამედ პროვინციებსა და პატარა დასახლებებშიც, რომლებიც მანამდე ხელისუფლების ხმების ბეღელად მიიჩნეოდა.

სამოქალაქო აქტიურობის ასეთი დონე ბელარუსში ბოლოს 90-იანი წლების მიჯნაზე საბჭოთა კავშირის დაშლის ფონზე ვლინდებოდა, როდესაც მოსახლეობას პირველად მიეცა საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება. საქმე გვაქვს ლუკაშენკოს 26-წლიანი მმართველობით ფსიქოლოგიურ გადაღლასთან. ეს აისახა აქტუალურ საკითხებზეც. თუკი ადრე პრიორიტეტი სოციალური თემატიკა იყო, დღეს მოსახლეობა სულ უფრო აქტიურად მოითხოვს პოლიტიკურ და სამოქალაქო თავისუფლებებს. მსგავსი მოთხოვნები არცერთი წინა არჩევნების დროს არ წამოუყენებიათ.

სავარაუდოა, რომ ხალხის განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა ლუკაშენკოს არჩეულმა სტრატეგიამ და გამონათქვამებმა კორონავირუსის პანდემიის დროს. ლუკაშენკოს ამ რიტორიკამ პანდემიის დროს ნეიტრალურად განწყობილი, აპოლიტიკური მოქალაქეებიც კი მის წინააღმდეგ განაწყო. მოსალოდნელია, რომ არჩეული სტრატეგიის გამო ლუკაშენკომ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. მაღალი ალბათობით ვითარება ლუკაშენკოსთვის არახელსაყრელი იქნება, სანამ პანდემია გრძელდება.

ხოლო ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარება, წინა არჩევნების მსგავსად, ლუკაშენკოს აღარ აძლევს საშუალებას, რომ ფონს მხოლოდ სოციალური დახმარების და ხელფასების გაზრდით გავიდეს. მოცემულ რეალობაში ეს საკმარისი არ არის.

ცხადია, ეს ყველაფერი აისახა წინასაარჩევნო კამპანიაზეც, რომელიც ბელარუსის სტანდარტებითაც კი მეტად რეპრესიული აღმოჩნდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო გასამართლა 200-მდე მოქალაქე, შედგა ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის 1500-მდე ოქმი, გამოიწერა ასობით ათასი ბელარუსული რუბლის ჯარიმა.

აქტიურობისთვის დაისაჯნენ ბლოგერები, ჟურნალისტები, პენსიონერები - ნებისმიერი ვინმე, ვინც ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ გამოდის. აღიძრა საქმეები ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტების წინააღმდეგ, ორი მთავარი კონკურენტი უკვე დაპატიმრებულია, ერთმა კი ქვეყანა დატოვა.

ბლოგერი, "ღიპიანი ბურჟუა" და ყოფილი თანამოაზრე

მარცხნიდან მარჯვნივ: სერგეი ტიხანოვსკი, ვიქტორ ბაბარიკო, ვალერი ცეპკალო

ბელარუსში წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როგორც წესი, სისტემური ოპოზიციის სტატუსის მქონე ოპოზიციონერები მონაწილეობდნენ. ამჯერად ვითარება მნიშვნელოვნად განსხავავებულია და ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტები ფართო მასებისთვის შედარებით ნაკლებად ცნობილი პოლიტიკოსები არიან.

საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყისში ბელარუსის ოპოზიციურ პარტიებში თანამშრომლობდნენ და პრაიმერიზის გზით ლუკაშენკოს წინააღმდეგ ერთიანი კანდიდატის წარდგენაზე მუშაობდნენ, თუმცა პრაიმერიზის იდეა მალევე ჩაიშალა. ბელარუსის ტრადიციულმა ოპოზიციურმა ფლანგმა ამ წლების განმავლობაში შეიძინა იმიჯი უიღბლო ლუზერებისა, რომლებმაც ვერ მოახერხეს საკუთარი გეგმებისა და მიზნებისთვის ხორცის შესხმა, ეს კი საბოლოოდ მოსახლეობის ოპოზიციით იმედგაცრუებაში გადაითარგმნა.

მაშინ, როცა არაფერი მოასწავებდა გართულებებს და ყველაფერი თითქოს ლუკაშენკოსთვის ხელსაყრელ კალაპოტში მიედინებოდა, მოულოდნელად მას რამდენიმე სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. ესაა ახალი სახეები, რომლებსაც არა მისდევთ დამარცხების მრავალწლიანი შლეიფი. ძირითადად ლაპარაკია სამ კანდიდატზე. ესენი არიან:

„ბელგაზპრომბანკის“ მმართველი ვიქტორ ბაბარიკო, ბელარუსის ყოფილი ელჩი აშშ-ში და IT პარკის შემქმნელი, ვალერი ცეპკალო და პოპულარული ბლოგერი სერგეი ტიხანოვსკი. "ქვეყანას ისინი ვერ მიიღებენ"- განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ კონკურენტების შესახებ.

ვალერი ცეპკალო, რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ ლუკაშენკოს თანამოაზრე და მისი ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო. მის სახელს უკავშირდება ბელარუსში IT პარკის შექმნა. ლუკაშენკომ ცეპკალო შეადარა "გოჭს, რომელსაც სიცოცხლისუნარიანი შთამომავლობის დატოვება არ შეუძლია." ლუკაშენკომ, ასევე, განაცხადა, რომ სამართალმდამცავებს ცეპკალოზე კომპრომატები აქვთ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ. მართლაც, რამდენიმე დღეში ცეპკალოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქმეს საფუძვლად დაედო ეთნიკურად თურქი ბიზნესმენის საჩივარი, რომელიც ცეპკალოს წილების მითვისებაში ადანაშაულებს.

ვალერი ცეპკალომ საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრირებისთვის აუცილებელი 100 ათასი ხელმოწერა ივლისში წარადგინა, თუმცა ცესკომ ის კანდიდატად არ დაარეგისტრირა, მიზეზად კი ხელმოწერების არასაკმარისი რაოდენობა დაასახელა. ბელარუსი სამართალდამცავები ცეპკალოს ოჯახითაც დაინტერესედნენ და იმ სკოლაში მივიდნენ, რომელშიც ოპოზიციონერის შვილები სწავლობენ. დევნის ფონზე ცეპკალომ შვილებთან ერთად ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა და ამჟამად რუსეთში იმყოფება, თუმცა ბელარუსში დარჩა მისი ცოლი, რომელიც სხვა დაპატიმრებული ოპოზიციონერის, სერგეი ტიხანოვსკის მეუღლის შტაბს შეუერთდა.

ლუკაშენკოს კიდევ ერთი კონკურენტია პოპულარული ვიდეობლოგერი სერგეი ტიხანოვსკი. თავის პირად ბლოგზე "ქვეყანა ცხოვრებისთვის" ტიხანოვსკი ბელარუსში მოგზაურობს და მოქალაქეებს მათ საჭიროებებზე ესაუბრება. ცეპკალოს მსგავსად, ადგილობრივმა ცესკომ არც ტიხანოვსკის კანდიდატურა დაარეგისტრირა და ტიხანოვსკი მალევე დააპატიმრეს. მას ბრალად სდებენ მასობრივი არეულობის მოწყობას.

მარცხნიდან მარჯვნივ: ვალერია ცეპკალო, სვეტლანა ტიხანოვსკაია, მარინა კოლესნიკოვა

ამის მიუხედავად, ტიხანოვსკი მზად აღმოჩნდა თავისი დაპატიმრების სცენარისთვისაც და კანდიდატად თავისი ცოლი სვეტლანა წარადგინა, რომელიც ამ დროისათვის ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატია, რომელიც ცესკომ დაარეგისტრირა. სწორედ ტიხანოვსკისთან თანამშრომლობდა პიარტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი, რომელიც საქართველოში ცნობილი გახდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მაშინ შკლიაროვი „ძალა ერთობაშია“-სთან თანამაშრომლობდა.

ციხეში აღმოჩნდა პრეზიდენტობის კიდევ ერთი მსურველი, ბანკირი ვიქტორ ბაბარიკოც, რომელსაც ლუკაშენკომ ღიპიანი ბურჟუა უწოდა. ბაბარიკო 20 წლის განმავლობაში გაზპრომის კუთვნილი „ბელგაზპრომბანკის“ მმართველად მუშაობდა. ბაბარიკოსთან ერთად დააპიტიმრეს მისი ვაჟიც, ედუარდ ბაბარიკო, რომელიც მამის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

ბაბარიკოს ფულის გათეთრებასა და ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ. ბელგაზპრომბანკში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები. ბაბარიკოს საქმის კომენტირებისას თანამდებობის პირები ამბობდნენ, ბაბარიკო უბრალო მარიონეტია, რომელსაც გაზპრომიდან ან რუსეთის უფრო მაღალი სახელისუფლებო ეშელონებიდან მართავენ.

უნდა ითქვას, რომ ეს პირველი საპრეზიდენტო კამპანიაა, რომელშიც ლუკაშენკო გარკვეული ფორმით კონკურენტებს ოპონირებას უწევს. ის პერიოდულად ეხმაურება მათ საქმიანობას, კომენტარებს აკეთებს მათ წინააღმდეგ აღძრული საქმეების შესახებ. მსგავსი რამ წინა წლებში წარმოუდგენელი იყო - ლუკაშენკოს ერთგვარად მეფის როლი ჰქონდა მორგებული, რომელსაც უბრალოდ არ ჰყავს თანასწორები, მას არა აქვს ვინმესთან ოპონირების აუცილებლობა.

ამგვარად, ლუკაშენკომ ყველა მთავარი კონკურენტის ნეიტრალიზაცია ჯერ კიდევ არჩევნებამდე შეძლო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის.

"კონსტიტუცია ქალისთვის არ დაწერილა"

გუშინ მინსკში ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა მონაცემებით 60 ათასზე მეტი ადამიანი დაესწო. ამ ხალხმრავალი მიტინგის ორგანიზატორი კი არის სამი ქალი, რომლებიც ლუკაშენკოს მეექვსე პრეზიდენტობის გზაზე ყველაზე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენენ.

საქმე ისაა, რომ ალტერნატიული კანდიდატების დაბლოკვისა და დაპატიმრების შემდეგ ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატი, რომელიც არჩევნებზე დაუშვეს, არის ბლოგერ სერგეი ტიხანოვსკის ცოლი სვეტლანა. შესაბამისად, ცეპკალოსა და ბაბარიკოს საარჩევნო შტაბებიც სწორედ სვეტლანა ტიხანოვსკაიას ირგვლივ გაერთიანდა. უკვე გაერთიანებული ოპოზიციური შტაბის სათავეში კი აღმოჩნდა სამი ქალი, მათ შორის, ვალერი ცეპკალოს მეუღლე ვალერია, რომელიც თავისი ქმრის შტაბს წარმოადგენს და მარია კოლესნიკოვა, რომელიც ბაბარიკოს შტაბის წარმომადგენელია.

ალტერნატიული კანდიდატების დაპატიმრების შემდეგ, თავისუფლად დარჩენილი ქალები მალევე შეხვდნენ ერთმანეთს და რამდენიმე საათში შეთანხმდნენ თანაშრომლობის ფორმატზე. ამჟამად გაერთიანებული შტაბი შეთანხმებულია ძირითად პრინციპებზე, რომლის მიხედვითაც ისინი არ მოუწოდებენ მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტირებისკენ და ჰპირდებიან, რომ არჩევნებში დემოკრატიული ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემდეგ ხელახალ თავისუფალ არჩევნებს ჩაატარებენ.

უნდა ითქვას, რომ საპროტესტო მოძრაობის წინა ფლანგზე აღმოჩენილი ქალებიდან სამივემ თავიანთი შვილები, მათი უსაფრთხოების მიზნით, ქვეყნიდან გაიყვანა. ოპოზიციონერი ქალები ხშირად ლაპარაკობენ მუქარებსა და შანტაჟზე ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ამბობენ, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ.

პოლიტიკაში ქალების აქტიურობას გამოეხმაურა ალექსანდრ ლუკაშენკოც. მისი თქმით, "ბელარუსის კონსტიტუცია ქალისთვის არ დაწერილა და ამ ტვირთის ტარებას ქალი უბრალოდ ვერ შეძლებს".

არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო იზრდება დაძაბულობა და სულ უფრო ხშირად გაისმის ლაპარაკი მასობრივ არეულობებზე. ბელარუსის შიდა საქმეებში ევროპის ჩარევითა და მასობრივი არეულობის მოწყობის საშიშროებით ლუკაშენკო წინა წლებშიც აქტიურად მანიპულირებდა, მაგრამ ამჯერად ისრები რუსეთისკენ გადაიხარა. ბელარუსის მოსახლეობას ახსოვს ვითომდა ქართველი ბოევიკები, რომლებიც, ხელისუფლების ვერსიით, 2006 წელს მინსკის ცენტრში არეულობას ამზადებდნენ.

ოპოზიციის საპროტესტო მიტინგი, მინსკი 30 ივლისი 2020 წელი

იგივე სცენარი გათამაშდა 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. მაშინ გერმანიიდან ანონიმური წერილის საფუძველზე დააკავეს რამდენიმე ბოევიკი, რომლებიც, ოფიციალური ვერსიის თანახმად, გეგმავდნენ მინსკის წყალმომარაგების სისტემის მოწამვლას მკვდარი ვირთხის მეშვეობით. წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე ლაპარაკი იყო ტროტილით დატვირთულ ჯიპზე, რომელიც თითქოს უკრაინიდან შემოვიდა და მინსკის ცენტრში მიმდინარე მიტინგზე უნდა აფეთქებულიყო.

წინა წლებისგან განხვავებით, ლუკაშენკო ამჯერად მოსახლეობას არა ევროპის ჩარევით, არამედ რუსული კვალით აშინებს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ორ ქვეყანას შორის გაფუჭებულ ურთიერთობებზე. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბელარუსმა სამართალდამცავებმა მინსკის მახლობლად ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" 33 მებრძოლი დააკავეს.

ბელარუსის ხელისუფლება მათ ტერაქტებისა და მასობრივი არეულობის მოწყობას ედავება, ხოლო მოსკოვში ამბობენ, რომ „ვაგნერის“ მეომრები ბელარუსში ტრანზიტით იმყოფებოდნენ და მათ არაფერი უკანანო არ ჩაუდენიათ. ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "რუსეთის უდანაშაულო მოქალაქეების დაკავება არ ჯდება მეგობრულ და სამოკავშირეო ურთიერთობებში ბელარუსსა და რუსეთს შორის."

26 წლის განმავლობაში ლუკაშენკო ქვეყანას რკინის ხელით მართავდა. ის არასოდეს ყოფილა პოპულარული ახალგაზრდებში, ბოლო პერიოდში კი ის თავის ტრადიციულ ელექტორატს - სოფლებისა და პატარა ქალაქების მოსახლეობასაც კარგავს. ამის გათვალისწინებითაც, ქვეყანაში მეტ-ნაკლებად ობიექტური სოციოლოგიის არ არსებობის პირობებში შეუძლებელია, ვინმემ ზუსტად იცოდეს მოსახლეობის განწყობები.

ერთი რამ ეჭვგვარეშეა წინასაარჩევნო ძალადობისა და რეპრესიების მიუხედავად. ამ წლების განმავლობაში ლუკაშენკოს მხარს მოსახლეობის ნახევარზე მეტი უჭერდა. ცხადია, 82 თუ 78%, რასაც ლუკაშენკო არჩევნებზე იღებდა, არ იყო ზუსტი რიცხვი, თუმცა 50%-ზე მეტი მხარდაჭერა ლუკაშენკოს ყოველთვის გარანტირებული ჰქონდა. დღეს ვითარება შეიცვალა და ეს არ მომხდარა ლუკაშენკოს სასარგებლოდ.

ძნელი სავარაუდოა, რას იზამს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ჩათვლის, რომ მათი ხმები მოიპარეს და რაში გადაიზრდება საპროტესტო მოძრაობა. ამის მიუხედავად, წარმატების შანსი ლუკაშენკოს მაინც მეტი აქვს - მის მხარესაა მოქნილი და მძლავრი რეპრესიული აპარატი, ფინანსური ელიტა და ადმინისტრაციული რესურსი.

ყველაფერთან ერთად, ლუკაშენკოს წარმატების მთავარი ფორმულა სტაბილურობაა. სწორედ ამაზე დგას მისი ძალაუფლება ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან. წინა შემთხვევების მსგავსად, შესაძლოა, ამჯერადაც საპროტესტო განწყობები და ცვლილებების სურვილი არ აღმოჩნდეს საკმარისად ძლიერი სტაბილურობის და, შესაბამისად, ლუკაშენკოს დასაჩრდილად.

კომენტარები