თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნილია

ტაბულა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნილია. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის სკანირება დაიწყეს. პირველი არხი წერს, რომ პროცესს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დაესწრო.

პირველი არხის ცნობით, მიხელ რამიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ კომპიუტერი სამართალდამცველებმა 19 ივლისს წაიღეს და ექსპერტიზის ბიუროში კი 22 ივლისს შეიტანეს. ის ეჭვობს, რომ შესაძლოა, კომპიუტერის გახსნა აქამდეც მოხერხდა.

"ვუთხარი, არ მოეხდინათ ამ კომპიუტერის გახსნა ჩემი თანდასწრების გარეშე. მითხრეს, რომ ასე მოხდებოდა. ბოლომდე მაშინ დავრწმუნდები იმაში, რომ არ მოხდა წინასწარ შესვლა, როცა ყველაფრის კლონირება დასრულდება. მე მაინც ვეცდები, გადავამოწმო. ექსპერტების მხრიდან, ჯერჯერობით, ყველა კითხვაზე არის პასუხი. არაფერი ეტყობათ არაპროფესიონალიზმის. იდეალურად იყო განხორციელებული ეს პროცედურები". – განაცხადა რამიშვილმა.

რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ექსპერტიზის ბიუროში პერსონალური კომპიუტერის სკანირებას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება. ადვოკატი აცხადებს, რომ ექსპერტები აღადგენენ წაშლილ ფაილებსაც.

"ვნახოთ, რა იქნება შიგნით. შემიძლია, გითხრათ, ბევრი საინტერესო რამ შეიძლება იყოს მოძიებული. დეტალურად გვეცოდინება, როდის იყო ჩართული ბოლოს კომპიუტერი. ყველაფერი გადამოწმდება". – თქვა რამიშვილმა. 

რამიშვილი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თამარ ბაჩალეიშვილის Facebook გვერდი აღარ იძებნება:

"იყო საუბარი, რომ დღეს ექაუნთი გაქრა და მოვითხოვე, ასე უცებ რა მოხდა. მითხრეს, რომ აღდგენის შემდეგ მოხდება Facebook-თან დაკავშირება. იდენტიფიკაცია უნდა მოხდეს, ვის მიერ მოხდა გაუქმება. ეს გამოძიების ინტერესებშიც არის".

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

4-დღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

რა ვიცით თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები