თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

რამიშვილი: ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გასახსნელად FBI-ს ჩართვისთვის აშშ-ს საელჩოს მივმართე

ტაბულა

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, მან აშშ-ს საელჩოს მიმართა და უახლოეს პერიოდში გეგმავს ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გასახსნელად ამერიკიდან სპეციალისტების მოწვევას.

"უკვე მივმართე შესაბამის ორგანოს, საელჩოსაც და ალბათ, ძალიან მალე აშშ-დან მოვითხოვ, ფედერალური ბიუროდანაც, სპეციალური ექსპერტები მოიწვიონ, რომ მოხდეს კომპიუტერის გახსნა. იმიტომ, რომ ჯერ 21-ე საუკუნეს ვერ მივაღწიეთ საქართველოში". - ამბობს ადვოკატი პალიტრანიუსის ეთერში. 

თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა თქვა, რომ გამომძიებელი, რომელმაც მისი შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ უთხრა, რომ ის პრობლემებში იყო, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილია

ბაჭულაშვილი აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. გამომძიებელი ჯუმბერ ბაჩალიაშვილის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ კომპიუტერის გახსნა და დათვალიერება მის კომპეტენციაში არ შედის და შეხება არ ჰქონია. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

4-დღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

რა ვიცით თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები