თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

გამომძიებელი: სისულელე და მოგონილია, რატომ უნდა მეთქვა, რომ ბაჩალიაშვილი შარშია

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, გამომძიებელი, რომელმაც მისი შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ უთხრა, რომ ის პრობლემებში იყო, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილია.

თავად ლადო ბაჭულაშვილი ტელეკომპანია პირველთან საუბარში ამბობს, რომ კომპიუტერის გახსნა და დათვალიერება მის კომპეტენციაში არ შედის და შეხება არ ჰქონია. 

"ეს არის ყველაფერი სისულელე და მოგონილი. მე არაფერი მაგდაგვარი არ მითქვამს. ბევრი რამე შეიძლება ადამიანმა მოიგონოს. ეს სისულელე რატომ უნდა ეთქვა ჭკვიან და ნორმალურ ადამიანს, რომ თქვენი შვილი "შარშია". კონტაქტი მე გარდაცვლილის დედასთანაც მქონდა და ყველასთანაც, იმიტომ რომ ოპერატიული მუშაობა მიმდინარეობდა". – ამბობს ბაჭულაშვილი

შსს-ის ცნობით, ლადო ბაჭულაშვილი აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

4-დღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

 

რა ვიცით თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები