დავით ზალკალიანი

ზალკალიანი აშშ თავდაცვის აქტზე: ოპონენტებმა უშედეგოდ სცადეს პოლიტიკური ინტერესის წარმოჩენა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ს სენატის მიერ 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიღებას ეხმაურება და წერს, რომ ამით აშშ-მ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა.

“დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს. იგი ეხმიანება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, გამოყოფს საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში და, ასევე, აშშ-ს შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას, დაეხმაროს პარტნიორებს როგორც უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე არსებული საფრთხეების დასაძლევად მდგრადობის გაძლიერების კუთხით."

ზალკალიანი წერს, რომ აშშ-ს კონგრესის ორივე პალატა ამ აქტით ყოველგვარი პირობითობის გარეშე, ერთმნიშვნელოვნად აფასებს საქართველოსთან თანამშრომლობის სიმტკიცეს:

"ნიშანდობლივია, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ორივე პალატის ვერსია, ერთმნიშვნელოვანია შეფასებაში და ყოველგვარი პირობითობის გარეშე, ხაზს უსვამს მის სტრატეგიულ პარტნიორთან - საქართველოსთან თანამშრომლობის სიღრმესა და სიმტკიცეს, იქნება ეს ორმხრივი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები თუ გლობალურად უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ჩართულობა.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე - სენატისა და წარმომადგენელთა პალატის - მიერ დამტკიცებული ვერსია არის ორმხრივი ურთიერთობის მტკიცე მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება ამერიკის კონგრესის მხრიდან და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობას."

ზალკალიანის თქმით, სწორედ ამ საკითხებზე თანამშრომლობს მთავრობა აშშ-სთან და, ოპონენტებისაგან განსხვავებით, რომლებიც, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უშედეგოდ ცდილობდნენ საკუთარი ვიწრო პოლიტკური ინტერესების წარმოჩენას, თანამშრომლობის შედეგებსაც ხედავს:

"ეს სწორედ ის საკითხებია, რომლებსაც ჩვენი გუნდი განიხილავს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენ თვალსაჩინოდ ვხედავთ ამ თანამშრომლობის შედეგებს. განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, რომელთაც ამ შემთხვევაშიც უშედეგოდ სცადეს, წარმოეჩინათ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის კონტექსტში".

23 ივლისს აშშ-ს სენატმა 86 ხმით 14-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომლითაც თავდაცვის ხარჯებისათვის მომავალ წელს ბიუჯეტიდან 740.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა.

აქტი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო აქტივობებს, სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ენერგეტიკის დეპარტამენტის თავდაცვით ქმედებებს შეეხება. ის 21 ივლისს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 295 ხმით 125-ის წინააღმდეგ.

მასში ნათქვამია, რომ რუსეთის აგრესიის შეკავების პოლიტიკის გასაძლიერებლად უნდა გაიზარდოს ფოკუსი შავი ზღვის რეგიონში ცვალებად სამხედრო ბალანსზე რეაგირების მიმართულებით და ეს უკრაინის და საქართველოს ჩართულობით უნდა მოხდეს.

თავდაცვის აქტში ცვლილება დაარეგისტრირა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა. ის საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, კერძოდ - გიორგი რურუასა და 8 მარტის შეთანხმებას შეეხებოდა, თუმცა კონგრესმა აქტი ამ შესწორების გარეშე მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტი, რომელიც საქართველოსათვის გამოყოფილი დახმარების ნაწილის შესაძლო შეჩერებას მოიცავს, კონგრესში კვლავ განიხილება.

კომენტარები