თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით გრძელდება

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით გრძელდება. ამის შესახებ ჭელიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინზე ისაუბრა.

"თვითმკვლელობის ვერსიაც რომ არსებობდეს, მას აქვს სხვადასხვა კვალიფიკაცია, შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანოს გარკვეულმა პირობებმა, თუ პირებმა, ამიტომ კვალიფიკაციის შემხებლობა საგამოძიებო მოქმედებებთან, ამ ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არაა. მნიშვნელოვანია ის, რომ გამოძიებამ სრული სიზუსტით აღკვეთოს ან დაადასტუროს გარკვეული შემხებლობები ადამიანების თუ მოვლენების გარდაცვლილ ადამიანთან დაკავშირებით". – ამბობს მამუკა ჭელიძე.

ჭელიძის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აქვს. მან ბრიფინგზე აღნიშნა, რომ "გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე".

მისი ცნობით, 23 წლის ქალმა აფთიაქში მედიკამენტები იყიდა. ამ ეტაპზე გამოძიება ადგენს, არის თუ არა აფთიაქში ნაყიდი წამლები გარდაცვლილის მანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტების იდენტური.

თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე-კამერებმა, ის, ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს. 

4-დღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

კომენტარები