ევროპული საქართველო

კანდელაკი: მოვუწოდებთ მთავრობას, მოხსნას დისკრიმინაციული კარანტინის მოთხოვნა

გიორგი კანდელაკი
ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის აზრით, 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი, რომელიც უცხოეთიდან ქვეყანაში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შეეხება დინსკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციურია. 

"ბილეთების ასეთი გაძვირების და ქვეყნის დე ფაქტოდ, დაკეტილად დატოვებას აქვს მიზეზად მთავრობის ორი მავნებლური გადაწყვეტილება. პირველი არის კონკურენციის ხელოვნურად შეზღუდვა, კერძოდ, მთავრობამ არჩევნებამდე რეგულარული ფრენები არაფორმალურად აუკრძალა Airzena-ს და რაც მთავარია, აუკრძალა ავიაკომპანია Wizzair-ს.

მეორე - მთავრობა ძალაში ტოვებს ამ დისკრიმინაციულ, სულელურ და ანტიკონსტიტუციურ კარანტინს საქართველოს მოქალაქეებისათვის გამწვანებულ ქვეყნებთანაც კი და საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ავიაკომპანიების ფასწარმოქმნაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მგზავრთა ნაკადს, ფრენების სიხშირეს და კონკურენციას". -  ამბობს კანდელაკი.

გიორგი კანდელაკის თქმით, ადამიანების დიდი ნაწილი მგზავრობას არა ტურისტული, არამედ ოჯახური და პირადი მიზეზების გამო გეგმავს, კარანტინის გამო კი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

დეპუტატი ნათია თურნავას განცხადებას, რომ ბოლო წლებში საქართველოს მოქალაქეები იმდენივე თანხას ხარჯავენ საზღვარგარეთ, რამდენიც ტურიზმიდან შემოდის, ტყუილს უწოდებს.

"ეს არის უსინდისო ტყუილი, ეროვნული ბანკის მონაცამებით 2019 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ დახარჯეს, დაახლოებით, 4-ჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე ტურიზმის შედეგად შემოვიდა ქვეყანაში, ტურიზმის შედეგად კი შემოვიდა 3 მილიარდი დოლარი".

კანდელაკი მთავრობას მოუწოდებს, არ შეზღუდოს კონკურენცია, მისცეს ავიაკომპანიებს რეგულარული ფრენების დანიშვნის შესაძლებლობა და მოხსნას ანტიკონსტიტუციური კარანტინის მოთხოვნა.

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 8 ივლისიდან, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, უპირობოდ ხსნის საზღვრებს ევროკავშირის წევრ ხუთ ქვეყანასთან: გერმანია, საფრანგეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი.

ამ ხუთი ქვეყნიდან შემოსულ ადამიანებს საქართველოში კარანტინის გავლა არ დასჭირდებათ, ხოლო ამ ქვეყნებიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კი 14-დღიანი იზოლაცია სავალდებულოა. 

კომენტარები