ბოლო 24 საათში WHO-მ მსოფლიოში Covid-19-ის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა აღრიცხა

armenpress.am

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, პარასკევს, 17 ივლისს, ახალი კორონავირუსის გლობალური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი აღირიცხა. ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 24 საათში, მსოფლიო მასშტაბით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 237 743-ით გაიზარდა. 

ამათგან შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში აღირიცხა. WHO-ს მიერ აღრიცხული წინა რეკორდული მაჩვენებლი 12 ივლისს 230 370 შემთხვევა იყო. 

ამის ფონზე არ შეცვლილა ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი, რომელიც ივლისში საშუალოდ დღეში 5 000 იყო. 

ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა 17 ივლისს 14 მილიონს გადააჭარბა. დაავადების შედეგად ჯამში 590 000 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა. 

რაც შეეხება საქართველოს, ახალი კორონავირუსი ჯამში 1 018 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გამოჯანმრთელდა 895, 15 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ინფიცირებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულებისა კი - 10-ით. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 108 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები