ჩეხეთი

ჩეხეთში კორონავირუსთან გამოსამშვიდობებელი სიმბოლური წვეულება გამართეს

GETTY IMAGES

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, პანდემიის დასასრული ახლოსაც კი არ არის, თუმცა ჩეხეთში კორონავირუსთან გამოსამშვიდობებელი სიმბოლური წვეულება გამართეს.

პრაღაში, კარლის ხიდზე ათასობით ადამიანმა 500 მეტრის სიგრძის მაგიდის გარშემო მოიყარა თავი. წვეულების სტუმრები სოციალური დისტანცირების გარეშე ერთმანეთს სახლიდან მოტანილ საჭმელსა და სასმელს უზიარებდნენ. 

ერთ-ერთი კაფეს მფლობელისა და წვეულების ორგანიზატორის თქმით, მათ კორონავირუსის კრიზისის დასასრულის აღნიშვნა უნდათ. უნდათ, აჩვენონ, რომ ხალხს შეკრების არ ეშინია. წვეულების ორგანიზება პრაღაში ტურისტების ნაკლებობის გამო იყო შესაძლებელი.

გასულ კვირას ჩეხეთის ხელისუფლებამ ათას კაცამდე რაოდენობის შეკრებები დაუშვა. აუზები, მუზეუმები და ზოოპარკები მნახველთა რაოდენობის შეზღუდვის გარეშე გაიღო. უკვე ერთი თვეა, რესტორნები და ბარების შიდა სივრცე ღიაა სტუმრებისთვის. 

ქვეყნის მაშტაბით კორონავირუსის ინფექციის 12 000-ზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. 10-მილიონიან ჩეხეთში ვირუსისგან 350 ადამიანი მოკვდა.

კომენტარები