გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე

გახარია: შაქარაშვილის საქმეზე კითხვის ნიშნები არ დარჩება, მწარე გამოცდილება გვაქვს

გიორგი გახარია
საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე თქვა, რომ გამოძიების შედეგად საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩება. 

გახარიას თქმით, მთავრობას "მწარე გამოცდილება აქვს" და საკუთარ გამოცდილებაზე სწავლობს. 

"ცხელი თემაა, იცით, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა უკვე 17 ეჭვმიტანილი ამ საქმესთან დაკავშირებით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, გამოძიებას აქვს 35 თუ 40 დღე, რომ სწრაფი ინტენსიური გამოძიება აწარმოოს. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი კითხვის ნიშნები აქ არ დარჩება, არ დავტოვებთ, მწარე გამოცდილება გვაქვს და ჩვენ ჩვენს გამოცდილებაზე ვსწავლობთ". – თქვა გიორგი გახარიამ. 

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. ის გუშინ დაკრძალეს. გიორგი შაქარაშვილი სიკვდილამდე მცხეთაში, წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. მისი კვალი ამის შემდეგ დაიკარგა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის 17 ადამიანია დაკავებული. 

"ორგანიზებული ჯგუფის წევრები ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება". – აცხადებს შსს.

რა ვიცით გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ნახეთ აქ.

რაც შეეხება მწარე გამოცდილებას, პრემიერი, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეს გულისხმობს. 

კომენტარები