საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს ადვოკატი გ.ჩ.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დაკავებულმა ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ შუამავალს ერთ-ერთი თანამდებობის პირისთვის 100 000 ლარის გადაცემა შესთავაზა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ადვოკატმა გ.ჩ.-მ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ ა.ლ.-სთან ერთად, შუამავალს შესთავაზა ერთ-ერთი თანამდებობის პირისათვის ქრთამის სახით 100 000 ლარის გადაცემა, რის სანაცვლოდაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული უნდა გათავისუფლებულიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, გ.ჩ. მას შემდეგ დააკავეს, რაც შუამავალმა გენერალურ ინსპექციას მიმართა. მათივე ინფორმაციით, ამავე საქმეზე სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს ა.ლ.-ს მიმართაც, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.