საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე: ენმ და მისი განშტოებები კრიმინალური და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალები არიან

პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მორიგი ნაბიჯი.

საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პროცესების სტაბილურ განვითარებას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, თითოეული პოლიტიკური ძალა აცნობიერებს ამ ცვლილებების მნიშვნელობას, გარდა ერთისა, ეს არის რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალა – ეს არის ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით, ეს არის კრიმინალური და აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური ძალა, რაც კიდევ ერთხელ გამოიხატა დღევანდელ კენჭისყრაში არმონაწილეობით.

ისინი არად დაგიდევენ თუნდაც იმას, რომ მათ დადეს პირობა ელჩების წინაშე და ისინი დღეს არ ასრულებენ ელჩების წინაშე დადებულ ამ პირობას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ ბუნებაზე და მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არიან ერთი, კრიმინალური და მეორე, ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების შემდეგ. ევროპულმა საქართველომ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 23 ივნისის კენჭისყრაზე მონაწილეობა არ მიიღეს, ისინი პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ. ევროპულმა საქართველომ პირველი მოსმენისას ცვლილებებს მხარი დაუჭირა, თუმცა, განაცხადა, რომ მეორე-მესამე მოსმენაში მონაწილეობას მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლების შემდეგ მიიღებს.

კომენტარები