გიორგი გაბუნიას საქმე

ნაცვლიშვილი: უკრაინიდან კოორდინირებულ შეკვეთილ მკვლელობაზე სუს-მა თავისი საქმე შეასრულა

facebook.com/nutslara

ქართული ოცნების PR-ის ხელმძღვანელისა და მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე "თავისი წილი ვალდებულება ფრიადზე შეასრულა". ამის შესახებ ნაცვლიშვილმა Facebook-ზე დაწერა და მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უმოქმედობაში დაადანაშაულა.

"გავიგეთ, რომ სავარაუდოდ, ჩეჩენი ეროვნების რუსეთის მოქალაქე, რომელიც უკრაინიდან კოორდინირდებოდა, საქართველოში ჩამოვიდა, სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის ჩადენის მიზნით. ეს ინფორმაცია მიიღეს გვარამიამ და სუს-მა.

ორივე სუბიექტს წარმოეშვა როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური ვალდებულება, ყველაფერი ეღონა პოტენციური დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად.

სუს-მა მისი წილი ვალდებულება ფრიადზე შეასრულა – გამოავლინა, კონტროლზე აიყვანა და გააუვნებელყო პოტენციური დამნაშავე – გაბუნია, ღვთის მადლით, საღსალამათია.

ახლა ვნახოთ, როგორ მოიქცა გვარამია. გარდა იმისა, რომ მან თავი აარიდა სამართლებრივ ვალდებულებას და სახელმწიფოს არ შეატყობინა მის ხელთ არსებული და, როგორც თვითონ ამბობს, უტყუარი ინფორმაცია, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის მომზადების თაობაზე, მან არ შეასრულა მთავარი – არც კი გააფრთხილა გაბუნია, სასიკვდილო საფრთხე გემუქრება და შესაბამისი ზომები მიიღეო, რაც არც გაბუნიას უარუყვია.

ინფორმაცია, ჯამში, მწირი გვაქვს მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ ინტუიციურად მაინც მივხვდეთ, ვის როგორი შედეგით სურდა, ეს ისტორია რომ დასრულებულიყო.

პ.ს. რომ შევაჯამოთ – უკრაინიდან კოორდინირებული შეკვეთილი მკვლელობის თაობაზე გვარამია ინფორმირებული იყო და მან სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების (უმოქმედობის), ანუ შეუტყობინებლობის ჩადენის ხარჯზეც კი დამალა ეს ინფორმაცია. დასკვნები თქვენთვის მომინდვია". – წერს ნაცვლიშვილი.

2020 წლის 15 ივნისს ტელეკომპანია ფორმულამ სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში, სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი კაცი მთავარი არხის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. 

იმავე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც დაადასტურა და თქვა, რომ ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვს გაბუნიას მკვლელობა რამზან კადიროვმა შეუკვეთა. გვარამიას მტკიცებით, ეს ინფორმაცია თავდაპირველად უკრაინის სპეცსამსახურებმა გაიგეს და გამოძიება დაიწყეს, მოგვიანებით კი, საქმე ქართულ მხარეს გადასცეს.

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა. 

"ერთის მხრივ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა დანაშაულში მხილებული პირი და იმავდროულად, თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული". – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

კომენტარები