კონგრესმენების კრიტიკა

კალაძე: რაც არ უნდა ეცადონ ლობისტები, ივანიშვილის ავტორიტეტს ვერ შელახავენ

instagram.com/kakhakaladze/

თბილისის მერი, კახა კალაძე აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკური პარტიის სამუშაო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს აფასებს და ამბობს, რომ "რაც არ უნდა ეცადონ ლობისტები", ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტსა და ღვაწლს ქვეყნის წინაშე ვერ შელახავენ.

"ეს დოკუმენტიც შინაარსობრივად არის ძალიან პოზიტიური, აქ საუბარია ნატო-სთან ჩვენს ურთიერთობაზე, რომ ვართ ერთერთ უმაღლეს წერტილზე თანამშრომლობის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ხაზი გავუსვა იმ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ერთ სიტყვას, რომელიც აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია წერილის შინაარსთან. გავიმეორებ, ვერანაირი ლობისტების მუშაობა ვერ შეუშლის ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას, ვერ შელახავს, აშშ არის ჩვენი სტრატეგიული ქვეყანა. რაც არ უნდა ეცადონ ლობისტები, ვერანაირად ვერ შელახავენ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს და მის ღვაწლს ქვეყნის წინაშე". – ამბობს კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, რესპუბლიკური პარტიის სამუშაო ჯგუფი Republican Study Committee-ის (RSC) 147 კონგრესმენისგან შედგება. ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადებები ჯგუფის ყველა წევრის პოზიციას გამოხატავს.

ანგარიშში, რომელიც ჯგუფმა გუშინ, 10 ივნისს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ აშშ-მ უნდა გაზარდოს სანქცირებულ ადამიანთა სია, რომელშიც, თავის მხრივ, უნდა შევიდნენ ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ეხმარებიან. მათ შორის ასეთ ადამიანად მოხსენიებულია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

უფრო კონკრეტულად, რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის "ახლო მოკავშირეა" და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული, შესამისად, საჭიროა სანქციების დაწესება.

ანგარიშს ხელს აწერს 13 კონგრესმენი: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, ქლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ უოლტზი. ეს ნიშნავს, რომ ტექსტის მომზადებაზე უშუალოდ ეს კონგრესმენები მუშაობდნენ, თუმცა, მის შინაარსს 147-ვე კონგრესმენი იზიარებს.

კომენტარები