კონგრესმენების კრიტიკა

კუჭავა კონგრესმენებზე: წინადადება, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი

პარლამენტი

ქართული ოცნების წევრის, კახა კუჭავას აზრით, კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი ის ნაწილი, სადაც ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, ვლადიმირ პუტინის მოკავშირედაა მოხსენიებული.

"ამ დოკუმენტის მთელი პათოსის ფონზე ის ერთი წინადადება, რომლმაც ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, მთლიანად კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. ჩემი აზრით, პირდაპირ ჩანს ის სამუშაო, რომელიც გასწიეს ლობისტებმა იმისათვის, რომ ასეთი წინადადება როგორმე მოხვედრილიყო დოკუმენტში. თუ გავითვალიწინებთ წინასაარჩევნო პერიოდს და შიდა კვლევებს, რომლებსაც ჩვენი ოპონენტები ატარებენ, ის დაბალი რეიტინგი, რომელიც მათ აქვთ თავისივე კვლევებში, ცალსახად მიუთითებს იმაზე, თუ როგორ გაააქტიურეს მათ ყველა არხი იმისათვის, რომ ბოლომდე შეძლონ დისკრედიტაცია იმ მთავარი მიღწევებისა, რომლებიც აქვს ქვეყანას ", - ამბობს კუჭავა.

გუშინ, 10 ივნისს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა გამოაქვეყნა ანგარიში, სახელწოდებით "ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა". 

ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად წერია, რომ აშშ-მა უნდა გაზარდოს სია სანქცირებული ადამიანებისა, სადაც, თავის მხრივ, უნდა შევიდნენ ისეთი ოლიგარქები, რომლებიც პუტინს ეხმარებიან. ასეთ ადამიანად, სხვებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილიცაა მოხსენიებული. 

13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის "ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული".

კომენტარები