ალ-ქაიდა

საფრანგეთი: ჩრდ. აფრიკაში ალ-ქაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფების ლიდერი მოვკალით

საფრანგეთის მიერ გავცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩრდილოეთ აფრიკაში ტერორისტული დაჯგუფების, ალ-ქაიდას დანაყოფის ლიდერი აბდელმალექ დრუკდელი მალიში მოკლეს.  

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, ფლორანს პარლი ამბობს, რომ დრუკდელი მალიში, მის ახლო წრეში მყოფ ადამიანებთან ერთად ოთხშაბათს, 3 ივნისს მოკლეს. მისივე თქმით, 19 მაისს მალიში ჩატარებული ოპერაციისას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დანაყოფის ერთ-ერთი მეთაური, მუჰამედ მრაბატიც დააკავეს. 

მისივე თქმით, "გამბედავმა ოპერაციამ ტერორისტულ ჯგუფებს დიდი დარტყმა მიაყენა."  

"ჩვენი ძალები, საჰელში პარტნიორებთან ერთად, მათ წინააღმდეგ შეუჩერებლად ბრძოლას გააგრძელებენ", - ამბობს თავდაცვის მინისტრი.

40 წლის დრუკდელი ავღანეთში საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა. მისი ხელმძღვანელობით ალ-ქაიდას ჩრდილოეთ აფრიკის დანაყოფმა არაერთი ტერორისტული თავდასხმა განახორციელა, მათ შორის 2016 წელს ბურკინა-ფასოს დედაქალაქში ერთ-ერთ სასტუმროზე თავდასხმა, რასაც 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაიჭრა 150.

2012 წელს დრუკდელის ალჟირის სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის, ტერორისტული აფეთქებებისა და მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მას უკავშირდება ალჟირში 2007 წელს მომხდარი 3 აფეთქება, რომელთა დროსაც 22 ადამიანი გარდაიცვალა და 200-ზე მეტი დაიჭრა.

აბდელმალიკ დრუკდელი მაღრიბში ალ-ქაიდას დანაყოფების მეთაური იყო და მეთაურობდა ჩრდილოეთ აფრიკაში ალ-ქაიდასთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს, მათ შორის საჰელში მოქმედ ჯამაათ ნუსრათ ალ-ისლამს, რომელიც მოქმედებდა მალისა და ბურკინა-ფასოში. დატყვევებულ ისლამური სახელმწიფოს ჯგუფის მეთაური მუჰამედ მრავატი კი ვეტერანი ჯიჰადისტი იყო, მას საჰარას ტერიტორიაზე მოქმედი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ჰქონდა. ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ეს დანაყოფი აქტიურია მალიში, ნიგერსა და ბურკინა-ფასოში.

ჩრდილოეთ აფრიკაში ალ-ქაიდა და ე.წ. ისლამური სახელმწიფო ტერიტორიების, რესურსებისა და გავლენისათვის ერთმანეთს ებრძვიან.

საფრანგეთი მალიში, მავრიტანიაში, ნიგერში, ბურკინა-ფასოსა და ჩადში ოპერაცია ბარხანს ახორციელებს. 5 000-ზე მეტი ფრანგი ჯარისკაცი ამ ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ერთად ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ებრძვიან.

კომენტარები