ფსიქიკური ჯანმრთელობა

გაბუნია ფსიქიატრიულებზე: დეინსტიტუციონალიზაცია ხანგრძლივი პროცესია, სტრატეგიაზე ვმუშაობთ

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მთავრობა ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც ბენეფიციარების საჭიროებებს იქნება მორგებული.

პარლამენტში, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის წარდგენისას გაბუნიამ თქვა, რომ სტრატეგიაში დეინსტიტუციონალიზაცია, ანუ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების დიდი ინსტიტუციებიდან საოჯახო ტიპის სახლებში გადაყვანა იქნება გათვალისწინებული.

მინისტრის მოადგილისვე თქმით, ეს ხანგრძლივი პროცესია და სულ მცირე, 3-5 წლიანი ვადა უნდა გავითვალისწინოთ - უფრო ნაკლებ დროში კარგად განვითარებულ სათემო სერვისს ვერ მივიღებთ.

გაბუნიამ ისაუბრა იმაზეც, რომ ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გასულ წელს 170 ბენეფიციარი იყო, ახლა კი იქ მხოლოდ 35 ადამიანი რჩება, რომლებიც აქ თავშესაფრის მომსახურებას იღებენ, ასევე, შესრულდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

"ეს არ არის ის სტატუსი, რაც გვინდა, რომ იყოს მომავალ წელს და შემდეგაც. მიმდინარეობს მუშაობა, რომ სათემო ტიპის სერვისები განვითარდეს", - თქვა მან.

მინისტრის მოადგილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა მომზადებული შესაბამისი პროგრამა და მზად იყო, 2020 წლის იანვარში თბილისსა და ახლომდებარე რეგიონებში 6 ბენეფიციარისთვის მიეწოდებინათ საოჯახო ტიპის სერვისი, მაგრამ მის განხორციელებას ხელი კორონავირუსმა შეუშალა.

"პანდემიურ სიტუაციაში არ არის რეკომენდებული მცირე ტიპის სახლებში ბენეფიციართა გადმოყვანა, მაგრამ პროგრამა გაგრძელდება, მუშაობა განვაახლეთ. რაც მთავარია, გვექნება სტრატეგია, რომელიც დაემყარება საჭიროებების ანალიზს და მე ვფიქრობ, რომ ეს კარგ საფუძველს შექმნის, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბენეფიციართა საჭიროებებს მორგებული ინფრასტრუქტურა განვავითაროთ", - ამბობს გაბუნია.

2019 წლის ოქტომბერში სახალხო დამცველი აცხადებდა, რომ ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უკიდურესად მძიმე ვითარება იყო, რომელიც მისი არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, არ გაუმჯობესებულა.

ომბუდსმენი მიუთითებდა, რომ ბედიანში წლების განმავლობაში რჩებოდნენ პაციენტები, რომლებიც მკურნალობას არ საჭიროებდნენ, მაგრამ შესაბამისი სერვისების არარსებობის გამო დაწესებულებას ვერ ტოვებდნენ.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამდა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების დიდ ინსტიტუციებში ცხოვრება ვერ ჩაითვლებოდა მათი უფლებების დაცვის მაღალ ხარისხად და შესაბამის უწყებებს მოუწოდებდა, დეინსტიტუციონალიზაციისკენ დროულად გადაედგა შესაბამისი ნაბიჯები.

რატომ არის დეინსტიტუციონალიზაცია მნიშვნელოვანი ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის - წაიკითხეთ სტატიაში ტაბულას არქივიდან.

კომენტარები