გამოცემა Reuters წერს, რომ რესპუბლიკელი კანონმდებლები მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც ამერიკელებს ჩინეთის სამხედრო ძალებთან კავშირის მქონე თავდაცვის კომპანიებში ინვესტირებას აუკრძალავს.
კანონპროექტი კონგრესში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას უნდა წარადგინონ.
კანონი აშშ-ის სახაზინო მდივანს, სტივენ მნუჩინს დაავალდებულებს კონგრესს წარუდგინოს იმ თავდაცვის კომპანიების სია, რომლებსაც ჩინეთი სამხედრო ძალებთან მნიშვნელოვანი კონტაქტები, კავშირები ან მათგან მხარდაჭერა აქვთ.
ამერიკულ კომპანიებს და ამერიკის მოქალაქეებს 6 თვე ექნებათ, რათა ამ ფირებთან კავშირი გაწყვიტონ.
აშშ-მა ჩინეთს უკვე არაერთი სანქცია და ტარიფი დაუწესა. მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ჰონგ-კონგში ახალი კანონების მიღება გადაწყვიტა, რომელიც ქალაქის ავტონომიურ სტატუსს ეჭვქვეშ აყენებს, მოსალოდნელია, რომ კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში მხარდაჭერას მოიპოვებს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია მუშაობდა იმ გზების პოვნაზე, რაც ამერიკელებს დაეხმარებათ თავიდან აიცილონ ჩინურ კომპანიებში ინვესტირების რისკები.
მან ასევე თქვა, რომ აშშ ჰონგ-კონგის სპეციალურ სტატუსს გაუუქმებს და ოფიციალურ პირებს სანქციებს დაუწესებს.
28 მაისს მედიაში გავრცელდა აინფორმაცია, რომ აშშ ათასობით ჩინელი სტუდენტისთვის ვიზების გაუქმებას გეგმავს. წყაროების თქმით, ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, 3000-დან 5000-მდე ჩინელ სტუდენტს შეეხება.
ჰონგ-კონგის ახალი კანონების მიღების შემთხვევაში ჩინეთისგან ჰონგ-კონგის სეცესია სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ასევე, დანაშაული იქნება ჰონგ-კონგის საშინაო საქმეებში ნებისმიერი საგარეო ძალის ჩარევა, ტერორიზმი და ყველა ქმედება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული.
ახალი კანონებით, შესაძლოა, პეკინმა ჰონგ-კონგში კონტინენტური ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები განათავსოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგში პირდაპირ შეეძლებათ კანონების აღსრულება. ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად "საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური სახალხო მთავრობის შესაბამისი ეროვნული უსაფრთხოების ორგანოები სააგენტოებს დააარსებს".