Covid-19-ის გამო სამხრეთ კორეაში ასობით სკოლა კვლავ დაიხურა

Insider

ორონავირუსის გამო დახურული სკოლების გახსნის შემდეგ, სამხრეთ კორეაში დაახლოებით 500 სკოლა კვლავ დაკეტეს. სეულსა და მის შემოგარენში Covid-19-ის ახალი, მზარდი შემთხვევების შეკავებას ცდილობენ.

ქვეყნის განათლების მინისტრის მოადგილემ, პარკ ბაეგ-ბეომმა, განაცხადა, რომ ეს მოსწავლეები ონლაინ სწავლებას გააგრძელებენ. მან სეულის სხვა სკოლებს მოუწოდა, რომ 14 ივნისამდე უფროს კლასებში მოსწავლეების 2/3 დაუშვან, დაწყებით, საშუალო სკოლებსა და ბაღებში კი - 1/3. პარკ ბაეგ-ბეოს განცხადებითვე, 28 მაისს ქვეყნის მასშტაბით 838 სკოლამ გადაწყვიტა, რომ ხელახლა არ გაიხსნან და ისინი კვლავ ონლაინ სწავლებას აგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ სეულის ერთერთ რეგიონში, სადაც დაახლოებით 25 მლნ ადამიანი ცხოვრობს, პარკები, ხელოვნების გალერეები, მუზეუმები და თეატრები 2 კვირით კვლავ დაკეტეს. სეულის მთავრობის მიერ დაგეგმილი სხვა ღონისძიებები გაუქმდა ან გადაიდო. სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა კერძო ინსტიტუტებსა და ინტერნეტ კაფეებს მოუწოდეს, რომ 14 ივნისამდე არ გაიხსნან.

სამხრეთ კორეის ჯანმრთელობის მინისტრმა, პარკ ნეუნგ-ჰომ, სეულის მოსახლეობას ორი კვირით შინ დარჩენისკენ მოუწოდა. ოფიციალური პირების თქმით, სეულში ვირუსის გადაცემის წყაროების დადგენა რთულდება და არსებობს მეორე ტალღის საფრთხე.

კარანტინის ზომების შემსუბუქების შემდეგ დედაქალაქში 250-ზე მეტი ადამიანი დაავადდა, გამოვლინდა რამდენიმე მსხვილი კლასტერი, მათ შორის ორი კლუბსა და ბარში, ერთი კი ონლაინ ვაჭრობის კომპანიის გამანაწილებელ ცენტრში. ცენტრის 4 000 თანამშრომლიდან 3 500-ს ტესტირება ჩაუტარდა და მათგან 69-ს ვირუსი დაუდასტურდა.

კომპანიამ ვერ შეძლო დაეცვა სახელმწიფოს მიერ მითითებული ზომები, მათ შორის თანამშრომლებს შორის დისტანცია და პირბადის სავალდებულო ტარება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ზოგიერთი თანამშრომელი, რომელსაც სიმპტომები გამოუვლინდა, იძულებული იყო, მუშაობა გაეგრძელებინა.

სამხრეთ კორეაში განაცხადეს, რომ რემდესივირის შეძენას აპირებენ. 1-ელ მაისს ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ [FDA] Covid-19-ის სამკურნალოდ "გადაუდებელი გამოყენებისთვის" მედიკამენტი რემდესივირი დაუშვა.

სამხრეთ კორეა ჩინეთის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ახალი კორონავირუსი გამოავლინეს, თუმცა, შეზღუდვების დროულად შემოღებისა და აგრესიული ტესტირების მეშვეობით, მათ ვირუსის გავრცელების შეჩერება შეძლეს.

29 მასის მონაცემებით, სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსის 11 402 შემთხვევა დადასტურდა, 269 გარდაიცვალა. უმეტესობა უკვე გამოჯანმრთელდა, 770 პაციენტი მკურნალობას განაგრძობს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ახალი ვირუსის 58 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები