ევროპული საქართველო

კაპანაძე ლუგარის ცენტრზე: რუსეთს ვირუსის კონტროლი გაექცა და უნდათ, ვიღაცას დააბრალონ

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატის სერგი კაპანაძის თქმით, რუსეთს ქვეყანაში კორონავირუსის კონტროლი ხელიდან გაექცა და საქართველოში მდებარე ლუგარის ამერიკული ლაბორატორია "განტევების ვაცია".

დეპუტატი ასე კრემლის მორიგ დეზინფორმაციულ კამპანიას ეხმაურება. რუსეთის საგარეო სამინისტრო ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით ქართული მხარისგან პასუხს ითხოვს. . 

"ახლა, როგორც ჩანს, ახალი ეტაპი აქვთ იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით გაექცათ ვირუსის კონტროლი, ვიღაცას უნდა დააბრალონ და, რა თქმა უნდა, ამერიკული ლაბორატორია მტრულ საქართველოში არის ყველაზე კარგი განტევების ვაცი ამ შემთხვევაში", - ამბობს კაპანაძე. 

დეპუტატის შეფასებით, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა და პასუხი ამ "ვითომ შემოთავაზებაზე". კაპანაძის თქმით, საქართველოს კარგად უნდა ესმოდეს, რომ რუს ექსპერტებს აქამდეც დაუთვალიერებიათ ლუგარის ლაბორატორია და ახლა კიდევ ერთხელ რომ მიეცეთ მათ ამის შესაძლებლობა, მათი რიტორიკა მაინც მტრულად დარჩება. 

"აქ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება დაუპირისპირდეს ამ რიტორიკას, მათ შორის, ქვეყნის შიგნით და ისეთი ძალები არ წაახალისოს, რომლებიც პირდაპირ ფლაგმანად იღებენ ხოლმე ანტილუგარულ, თუ სხვა ანტიდასავლურ პროპაგანდას", - თქვა კაპანაძემ. 

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართულ მხარეს რუსი სპეციალისტების მოწვევის არანაირი ვალდებულება არ აქვს, თუმცა მზადაა, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, ისინი ლუგარის ლაბორატორიაში მიიღოს.

რუსეთის განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, საელჩოსთვის შემაშფოთებელია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია. 

კახეთის გზატკეცილზე მდებარე ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებით აღჭურვილი კვლევითი ცენტრი რუსულმა პროპაგანდამ მთავარ სამიზნედ ჯერ კიდევ იმ დროიდან ამოიღო, სანამ ქართულ-ამერიკული პროექტი სრულყოფილ სახეს მიიღებდა.

"მომაკვდინებელი ლაბორატორია, სადაც ადამიანებზე სიცოცხლისთვის საშიშ ექსპერიმენტებს ატარებენ" - ეს ლუგარის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ გავრცელებული ერთერთი ყველაზე დიდი მითია, რომელიც რუსეთმა შექმნა. მითები მრავალი იყო და, როგორც წესი, ერთი მეორეზე აბსურდული. 

დღიდან ლუგარის ლაბორატორიის შექმნისა, როგორც ქართული, ისე ამერიკული მხარის ინტერესებში პროცესის სრული გამჭვირვალობა შედიოდა და სწორედ ამიტომ, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობის ინიციატივით, რუსი ჟურნალისტები არაერთხელ მიუწვევიათ ლუგარის კვლევით ცენტრში, თუმცა სამშობლოში დაბრუნებულები კვლავ აგრძელებდნენ დეზინფორმაციულ კამპანიას. 

კომენტარები