ისრაელი

ნეთანიაჰუ: ხელიდან არ გავუშვებთ დასავლეთ სანაპიროზე სუვერენიტეტის გავრცელების შანსს

ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ქვეყანა ხელიდან არ გაუშვებს დასავლეთ სანაპიროზე მისი სუვერენიტეტის გავრცელების "ისტორიულ შესაძლებობას" და თქვა, რომ ეს მისი ახალი მთავრობის პრიორიტეტებში შედის.

"ჩვენ ისტორიული შესაძლებლობა გვაქვს, რომელიც 1948 წლის შემდეგ არ არსებულა, რათა გონივრულად გავავრცელოთ სუვერენიტეტი როგორც დიპლომატიური ნაბიჯი იუდეასა და სამარიაზე. ეს დიდი შანსია და მას ხელიდან არ გავუშვებთ", - თქვა მან.

ნაბიჯის მხარდასაჭერად ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა დაასახელა. გეგმის მთავარი გზავნილებია პალესტინის სახელმწიფოს აღიარება, მთელი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობა და დასავლეთ სანაპიროზე ებრაულ დასახლებებზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელება. ტრამპის გეგმის მიხედვით პალესტინელებისა და ებრაელების გადასახლება არ უნდა მოხდეს, შესაბამისად დასავლეთ სანაპიროზე არსებული ებრაული დასახლებები დარჩება და მათზე ისრაელის სუვერენიტეტი გავრცელდება. ტრამპი ირწმუნება, რომ ამგვარად დასავლეთ სანაპირო არ დაიყოფა. მისი გეგმის მიხედვით პალესტინის ტერიტორიები გარკვეული პერიოდით ღია უნდა იყოს, სანამ პალესტინელები შეთანხმებას შეისწავლიან, ისრაელთან მოლაპარაკებებს გამათავენ და სახელმწიფოს შექმნისათვის აუცილებებლ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. გეგმას დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიხედვით დასავლეთ სანაპიროზე დასახლებები საერთაშორისო კანონებს არღვევს. სორედ ეს იყო აშშ-ის პოზიციაც 1978 წლიდან.

ტრამპის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ აშშ-მა ისრაელთან მიმართებით პოლიტიკა უკვე არაერთხელ შეცვალა, მათ შორის იერუსალიმი ცნო ისრაელის დედაქალაქად და იქ საელჩო გადაიტანა და ასევე, გოლანის მაღლობის ტერიტორიაზე ისრაელის სუვერენიტეტი ცნო.

დასავლეთ სანაპიროს ანექსია ნეთანიაჰუს მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ნეთანიაჰუს გეგმა დასავლეთ სანაპიროს 1/3-ის დაკავებას გულისხმობს. გასული წლის სექტემბერში მან წარმოადგინა რუკა, რომელზეც ისრაელის ტერიტორია მდინარე იორდანეს ხეობის უდიდეს ნაწილზე ვრცელდება და გარს ერტყმის დასავლეთს სანაპიროს ისე, რომ მას იორდანიასთან საზღვარი აღარ აქვს. ქალაქი იერიქონი და მიმდებარე სოფლები ანკლავის სახითაა წარმოდგენილი.

კომენტარები