აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატს ჰიდროქსიქლოროქვინს, იგივე პლაქვენილს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სვამს.
"კვირანახევარია ვიღებ მას და ჯერჯერობით აქ ვარ. გაგიკვირდებათ რამდენი ადამიანი იღებს მას, განსაკუთრებით ისინი, ვინც ვირუსს ებრძვიან. ბევრი კარგი გამიგია ამ წამალზე და თუ ის კარგი არაა, გეტყვით. არ მავნებს...ბევრი ძალიან პოზიტიური ამბავი გამიგია მასზე. რა გვაქვს დასაკარგი?", - უთხრა მან ჟურნალისტებს.
ტრამპმა თქვა, რომ წამალის დანიშვნა მის პირად ექიმს თავად სთხოვა.
ექიმები კი მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ პლაქვენილი კორონავირუსისაგან არ იცავს და მას მხოლოდ გარკვეული სიმპტომების სამკურნალოდ, ექიმის დანიშვნის შემდეგ იყენებენ. პრევენციის მიზნით პრეპარატის მიღება უსაფრთხო არ არის. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ გასულ თვეს გამოაქვეყნა რჩევა, რომელშიც ნათქვამია, რომ პლაქვენილის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურებული არ არის. მაგალითად მოყვანილია შემთხვევები, როდესაც წამალმა კორონავირუსის მქონე პაციენტებში გულის პრობლემები გამოიწვია.
თეთრ სახლში ახალი კორონავირუსი ტრამპის პირად კამერდინერს და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის პრესმდივანს დაუდასტურდა. ტრამპს კორონავირუსზე ტესტი რეგულარულად უტარდება და პასუხი უარყოფითია. მას არ აქვს ვირუსის სიმპტომებიც.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ ყოველდღიურად იღებს აზითრომიცინსაც, ანტიბიოტიკს, რომელიც ანთების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.





