საკონსტიტუციო ცვლილებები

5 მიზეზი, რატომ არ უნდა მივცეთ ხმა საკონსტიტუციო ცვლილებას, პირობის შესრულების გარეშე - კახიძე

ხუთი მიზეზი, თუ რატომ არც კი უნდა განვიხილოთ ხმის მიცემა კონსტიტუციის ცვლილებისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე:

1. უკან დახევა შეამცირებს დასავლეთის ზეწოლას

ივანიშვილის მორიგმა მცდელობამ, საბჭოთა ცეხავიკის სტილში კვლავ გადააგდოს ქართული და საერთაშორისო საზოგადოება, დაიმსახურა დასავლეთის უპრეცედენტო კრიტიკა. ქართული ოცნების თავხედური გამოწვევის საპასუხოდ, აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკის საკვანძო ფიგურებმა უკვე ღიად დაადასტურეს, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. ევროკავშირში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების პირობების დაცვა დაუკავშირეს მომავალი არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად აღიარებას, აგრეთვე დასავლეთიდან სოლიდური ფინანსური დახმარების მიღებას.

ივანიშვილმა თავი მოიქცია იზოლაციაში და მას არავითარი შანსი არ აქვს, გაუძლოს ქართული საზოგადოების და დასავლეთის ერთიან ზეწოლას და აქედან გამარჯვებული გამოვიდეს.

ამ ფონზე ჩვენი მხრიდან უკანდახევა შეამცირებს ივანიშვილზე ზეწოლას, რაც დაუშვებელია.


2. დათმობა ივანიშვილს უბიძგებს მეტი ბოროტებისკენ

როგორც ჩერჩილმა გვასწავლა, შეცდომაა ნიანგის გამოკვება იმ იმედით, რომ ის ჩვენ ბოლოს შეგვჭამს.

ივანიშვილს, როგორც ტიპიურ რუს ოლიგარქს, აქვს წარმოდგენა, რომ გონივრული დათმობა და კომპრომისი არის არა ღირსება, არამედ სისუსტე. იგი მიიჩნევს, რომ როგორც აქამდე გასდიოდა ამერიკელების და ევროპელების გადაგდება, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დამოუკიდებელი მედიის შევიწროება, სახელმწიფო ინსტიტუტების დაქვემდებარება, ასე გაგრძელდება მომავალშიც. და როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოება უწინდებურად ნაკლებად მომთხოვნი იქნება ამ საკითხებზე.

მტაცებლის ინსტინქტების მქონე, გაუნათლებელ საბჭოთა ცეხავიკს არც დიპლომატიური ენა ესმის და არც ქვეყნის ინტერესი ანაღვლებს, შესაბამისად, რაც მეტს დაუთმობ, მეტს დააშავებს, ძველ თავხედობას, ახალს დაუმატებს.

ერთი წუთით, წარმოიდგინეთ, რომ ოპოზიციამ დათმო, ჩვენ მორიგ ჯერზე დიდსულოვნად გავუტარეთ ივანიშვილს თავხედობა, შეთანხმების ორი ნაწილიდან ერთის შეუსრულებლობა დავივიწყეთ და წავედით კენჭისყრაზე, სადაც, ჰოი საოცრებავ და პირობითმა დაჩი ხუნდაძემ კვლავ გადაიფიქრა საარჩევნო სისტემის შეცვლა. გაგიკვირდებათ?

კარგი, და ამას მერე თუ მოაყოლა ბოკერიას, მელიას, ხაზარაძის, ჯაფარიძის, წერეთლის ციხეში ჩასმა? მერე რას ვშვებით?

და ვიზეც ფორმალური საბაბის მოძებნა დაეზარება , იმას იარაღი რომ ჩაუდოს რურუასავით? ან ამჯერად იქნებ ნარკოტიკი? როგორ ვიქცევით?

ხელახლა ვიწყებთ საერთაშორისო წნეხის ფორმირებას? საზოგადოებას რა ვუთხრათ, როგორ მოულოდნელად მოგვატყუა უკვე ოცდამეშვიდედ საბჭოთა ცეხავიკმა? რას იფიქრებთ თქვენ ამის შემხედვარე?

კითხვა რიტორიკულია.

3. ქაოსსა და განუკითხაობაში ყველაფერი აზრს მოკლებულია

როდესაც ხარ ივანიშვილი, შენ წარმომადგენლებს დასავლეთის პოლიტიკურ ცენტრებში აბარებ - გარანტიებს ვიძლევი, ოპონენტების დევნა აღარ იქნებაო და მერე ციხეში სვამ ოპოზიციური პარტიის გენერალურ მდივანს, ეს ყველაფერი ძალიან თავხედურად გამოიყურება.

თუ ამას აკეთებ აშშ-სა და ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების დროს და ციხეში გაშვებული ლიდერის პარტიაც ამ პროცესის მონაწილეა, მით უმეტეს.

განსაკუთრებით უცნაურად ჩანს ეს ყველაფერი, თუ საქმე, რომლის გამოც ციხეში უშვებ ოპონენტს, ხანდაზმულია, ხოლო განაჩენი შენ პირად ადვოკატს გამოაქვს, რომელიც უმაღლესი იურიდიული განათლების არქონის მიუხედავად, გენერალური პროკურორობიდან უზენაეს სასამართლოში გადაიყვანე.

ამის გარდა, სადაც შეგიძლია აშშ-ს და ევროკავშირის ელჩების თანდასწრებით დოკუმენტს ხელი მოაწერო და მერე ცინიკურად ფეხებზე დაიკიდო ნაკისრი ვალდებულება, საჯაროდ გამოდგე და უტიფრად მოუწოდო საერთაშორისო პარტნიორებს - დაადასტურეთ, რომ მსგავსი ვალდებულება არ ამიღიაო, იქ უკვე აღარ არსებობს წესები, იკარგება სიტყვის ფასი, ქრება ნდობა და იქმნება ქაოსის საფრთხე.

ქაოსში კი ყველაფერი აზრს კარგავს. ისეთი მნიშვნელოვანი რაღაცეებიც კი, როგორიცაა 120/30-ზე, თუ 125/25-ზე საარჩევნო კონფიგურაციები. განუკითხაობაში ავანტიურისტებს არ უნდა ავყვეთ.

4. თუ გამოვიჩენთ მოთმინებას, სიმტკიცეს და ერთიანობას - ის დათმობს

პოლიტიკა არ არის სუსტი ნებისყოფის, სულსწრაფი ადამიანებისთვის. დემოკრატიული ტრადიციების არ მქონე, ჩვენნაირ ქვეყანაში ხომ მით უმეტეს. აქ მთავრობა დემოკრატიულად, არჩევნების გზით სულ ერთხელ შეიცვალა და ხელისუფლების გადაბარებას ოპოზიციური პარტიის სრულმასშტაბიანი სისხლისსამართლებრივი დევნა მოჰყვა. ჩვენთან წესებს ნაკლებად იცავენ, ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდებიან, მართლმსაჯულება პოლიტიკურ გავლენებს ემორჩილება. აქ პოლიტიკაში ყოფნას მტკიცე ნერვები სჭირდება, რადგან სასწორზე მხოლოდ შესაძლო პოლიტიკური მარცხი არ დევს.

ივანიშვილმა მორიგ ჯერზე ითავხედა, მაგრამ ჩვენ არ უნდა ჩამოვიშალოთ. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ისტერიკა და თვითგვემა ვერ დაგვეხმარება, პირიქით.

სინამდვილეში მას ეშინია და სისუსტის გამო უშვებს ციხეში ოპონენტებს, სისუსტის გამო არ სურს პროპორციული სისტემა. მაგრამ ყველაზე მეტად მას ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობის ეშინია.

სიმართლეც ჩვენ მხარესაა და ძალაც, ამიტომ ახლა გვმართებს გამძლეობა, სიმტკიცე და თანმიმდევრულობა, უნდა მივაწვეთ.

5. ფინანსური სანქციები ოლიგარქების კოშმარია

ივანიშვილის კაპიტალი დასავლეთშია, ხოლო მისი ოჯახის წევრებს ძალიან მოსწონთ იქ ცხოვრება. ივანიშვილის ყველაზე კოშმარული სიზმარი არა საქართველოში ხელისუფლების დაკარგვა, არამედ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ ანგარიშების გაყინვა და მისი ოჯახისთვის გადაადგილების შეზღუდვაა. სანქცირების ამგვარი მექანიზმი შეიქმნა სწორედ თავხედი ოლიგარქებისა და პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც უკანონობის პარალელურად, დასავლური სიკეთეებით სარგებლობაც სურთ, ეს ორი კი ერთმანეთთან შეუთავსებელია. თუ გინდა დასავლეთი, ცივილიზებული წესებით უნდა იმოქმედო.

იცით, ვისი მოთხოვნის საფუძველზე ამატებს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი სანქცირებულთა სიაში სხვადასხვა ეროვნების თავხედებს? სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშის. აი, კობახიძემ რომ თქვა, არა უშავს, ეგ უკვე წლებია გვაკრიტიკებს, ერთი და იგივე გვარები ტრიალებსო - იმ კაცის.

ივანიშვილი აუცილებლად დათმობს, პრაგმატული კაცია და იმიტომ. და თუ მაინც ქაოსისკენ უბიძგებს ქვეყანას, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი არჩევანი და პასუხისმგებლობა იქნება, მისთვისვე ტრაგიკული დასასრულით.

ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე საუბრობს იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ უნდა დაუჭიროს ოპოზიციამ მხარი საკონსტიტუციუო ცვლილებებს, 8 მარტის შეთახმების პოლიტპატიმრების ნაწილის შეზრულების გარეშე.

კომენტარები