ოცნების წერილი ევროპარლამენტარებს

სონღულაშვილი წერილზე: უცხოელი პარტნიორებისთვის წერილის მიწერაში უცხო არაფერია

დავით სონღულაშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა, მის მიერ ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილ წერილზე განმარტებები გააკეთა და თქვა, რომ ამაში უცნაური არაფერი არ არის.

მისი თქმით, მან ევროპარლამენტარებს არჩილ თალაკვაძის ბრიფინგის მოკლე შინაარსი გაუგზავნა.

"ჩვენს უცხოელ პარტნიორებს თუ წერილს ვწერთ, ამაში უცხო არაფერი არ არის. ჩვეულებრივი თანაშრომლობის პროცესია, კოლეგიალურია და არსებულ მდგომარეობას აცნობ და რაღაც პერიოდულობით გაანახლებ ხოლმე მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას.

რაც შეეხება კონკრეტულად მაგ წერილს, მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის იმ ბრიფინგის მოკლე შინაარსი, რომელიც სპიკერმა გააკეთა რამდენიმე დღის წინ, რომლითაც თხოვა ევროპის ელჩებს, რომ გაესაჯაროვებინათ იმ შეთანხმების დეტალები, რომელიც მიღწეული იყო. აქედან გამომდინარე ამ ნაწილშიც არც საიდუმლო არ არის და არც უცნაურია არაფერი, როდესაც ინფორმაციას განახლებულად ვაწვდით რაღაც პერიოდულობით, ეს არის ურთიერთონამშრომლობის პროცესი", - თქვა დავით სონღულაშვილმა.

დღეს, ტაბულამ 11 მაისით დათარიღებული წერილი მოიპოვა, სადაც ქართული ოცნების დეპუტატი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი, ევროპარლამენტარებს მიმართავს.

როგორც დავით სონღულაშვილი ევროპარლამენტარებს წერს, ქართული ოცნება სთხოვს უცხოელ ელჩებს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ მოლაპარაკებებზე საუბარი არ ყოფილა გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე.

წერილის დასაწყისში ქართველი დეპუტატი ამბობს, რომ უკანასკნელ ხანებში საქართველოს მთავრობა პანდემიასთან დაკავშირებული საკითხებით იყო დაკავებული და წერს, რომ "მთელმა მსოფლიომ ერთხმად აღიარა ის წარმატება, რასაც საქართველომ ამ რთულ დროს მიაღწია."

---

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის 8 მარტს გაფორმებული შეთანხმება ორნაწილიანია, მოიცავს რა საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხებს.

თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებისას კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა და ამბობენ, რომ შეთანხმების საბოლოო ტექსტში არც ერთი გვარი არაა ნახსენები.

ამას მალევე მოჰყვა განცხადებები საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან - 7 მაისს ევროპარლამენტარმა, ლიტვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა წერილი მიწერა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს. წერილში ის ხელისუფლებას შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებდა და ხაზს უსვამდა, რომ "საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს პროგრესისთვის იმ ქმედებების კუთხით, რომლებიც შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაცია".

11 მაისს წერილი გაავრცელეს შუამავლებმა. საელჩოების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ შეთანხმების ნაწილი იმ საკითხებზეა, რაც სასამართლოში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. განცხადებას იზიარებდნენ სხვა დასავლელი პარტნიორებიც.

იმავე დღეს აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა აშშ-ის საელჩოს განცხადება გააზიარა და დაწერა, რომ "გადამწყვეტი მნიშვნელობისაა შეთანხმების იმპლემენტაცია".

12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა დაწერა, რომ ელის "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით".

13 მაისს გერმანელმა ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა დაწერა, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელიან:

"[ქართული ოცნება] ბედს სცდის, ელოდებიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც. ელოდებიან. ეს აუცილებელია, თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს".

13 მაისს, 8 მარტის შეთანხმებაზე ქართული ოცნების განცხადებებს გამოეხმაურა ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონიც, რომელმაც დაწერა, რომ კიდევ ერთხელ გატეხილი პირობა მთავრობას არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს.

კომენტარები